საქართველოში რუსეთის სასარგებლოდ პოლიტიკური და საზოგადოებრივი აზრის ცვლილება არის გეოპოლიტიკა, ეს არის, პრაქტიკულად, საქართველოს სახელმწიფოს მიტაცება, მომავლის მიტაცება, ჩვენი ხალხის ნების საწინააღმდეგო მოქმედება რუსული ФСБ-ის ხელით, - ეს განცხადება „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ „ტვ პირველის“ ეთერში გააკეთა.
ყველამ კარგად ვიცით, რომ პირამიდის სათავეში არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ჰყავს თავისი სხვადასხვა საყრდენი. ერთი საყრდენი არის პრემიერი, ასევე, სუს-ი - ლილუაშვილი, ფარცხალაძე სხვა ტიპის დავალებებს ასრულებს და სხვა საყრდენებიც ოლიგარქიულ სისტემას გააჩნია. ივანიშვილის ერთ-ერთ საყრდენს მოხვდა და ისე მოხვდა, რომ ცალკე ფარცხალაძე კი არ დაისაჯა, მათ გვაჩვენეს პირამიდა, რომ ფარცხალაძე არის სახელმწიფოში, პრაქტიკულად, ღალატის ერთ-ერთი მოქმედი პირი, იმიტომ, რომ მასშტაბი, როცა შენ საზოგადოებრივი აზრი უნდა შეცვალო, არის ძალიან დიდი. პირამიდის თავში არის ბიძინა ივანიშვილი.
გადაწყვეტილების შინაარსი, რაც მოვისმინეთ ამერიკის მხრიდან არის უდიდესი დარტყმა მთლიანად „ქართული ოცნებისთვის“, აქ საუბარია არა ცალკე აღებულ ადამიანზე, არამედ იმაზე, რომ რუსული ФСБ ფარცხალაძის ხელით საქართველოში გეოპოლიტიკურ სპეცოპერაციას ატარებს. საქართველოში რუსეთის სასარგებლოდ პოლიტიკური და საზოგადოებრივი აზრის ცვლილება არის გეოპოლიტიკა, ეს არის, პრაქტიკულად, საქართველოს სახელმწიფოს მიტაცება, მომავლის მიტაცება, ჩვენი ხალხის ნების საწინააღმდეგო მოქმედება რუსული ФСБ-ის ხელით.
დეზინფორმაციის და პრორუსულ კამპანიის, ხალხზე ზემოქმედების პროცესი ერთ ადამიანზე ვერ იქნება ჩამოკიდებული, ვხედავთ კიდევაც ეს პროცესი როგორც მიდის - ხშირად პრემიერ-მინისტრი საუბრობს იმას, რაც რუსეთს აწყობს, მაგალითად, იმას, რომ არავინ იცის, როგორ დასრულდება ომი,“ - ამბობს ხოშტარია.