ზურაბ ჯაფარიძესა და გიორგი ვაშაძესთან თანამშრომლობა ჩემთვის სასიამოვნო იყო. ახლა ახალი ეტაპია, სადაც ოპოზიციამ ოპტიმალური საარჩევნო კონფიგურაცია უნდა შევქმნათ და გავაგრძელოთ ბრძოლა. ამ კონსტრუქციაში გიორგი ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხედავს თავს, „დროა“ – არა, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

„სამეულთან თანამშრომლობა ძალიან საჭირო, საინტერესო და საქმისთვის სასარგებლო იყო. პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ ეს არა საარჩევნო, არამედ კონკრეტულ ამოცანებთან დაკავშირებული თანამშრომლობა იყო, 24 თებერვალი მათ შორის. სიებზე და მსგავს საკითხებზე, როგორც მაშინაც ვამბობდით, არასდროს გვქონია საუბარი.

ცალკე მინდა ვთქვა, რომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძესა და გიორგი ვაშაძესთან თანამშრომლობა ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო. გიორგი ძალიან კეთილსინდისიერად და ენერგიულად ოყო ჩართული ყველაფერში. მადლობელი ვარ მისი ამ თანამშრომლობისთვის. ახლა ახალი ეტაპია, სადაც ოპტიმალური საარჩევნო კონფიგურაცია უნდა შევქმნათ ოპოზიციამ და გავაგრძელოთ ბრძოლა. ამ კონსტრუქციაში გიორგი „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხედავს თავის თავს, „დროა“ – არა. წარმატებებს ვუსურვებ გიორგისაც და „ნაციონალურ მოძრაობასაც“ საკუთარი ამომრჩევლის მაქსიმალურად კონსოლიდაციაში. ჩვენც გვექნება ჩვენი საარჩევნო განაცხადი და ყველაფერს ვიზამ, რომ ის შედეგისთვის, ანუ რუსების გაგდებისთვის და პროდასავლური სამომავლო კოალიციისთვის ოპტიმალური იყოს“, – წერს ელენე ხოშტარია.

შეგახსენებთ: „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.