„მოგმართავთ თქვენც და მივმართეთ უკვე მთავრობას, გაორმაგდეს ონკოპაციენტებისა და დიაბეტით დაავადებული ბავშვების საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით განსაზღვრული ლიმიტები. გამოიყოს ფინანსური რესურსი 17 ბავშვის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად, რომელთაც აქვთ აქონდროპლაზია. ჩვენ მხარს ვუჭერთ მოქალაქეების მოთხოვნას გაიზარდოს საყოველთაო ჯანდაცვის სისტემით განსაზღვრული ეს ლიმიტები და ამაზე წერილობით მივმართეთ უკვე მთავრობას“,-ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უფრაქციო პარლამენტის წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
ბექა ლილუაშვილმა საყოველთაო ჯანდაცვის სისტემით განსაზღვრული ლიმიტების ზრდის აუცილებლობაზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება ონკოპაციენტებისა და დიაბეტით დაავადებული ბავშვების მდგომარეობაზე გაამახვილა.
„ონკოპაციენტებისთვის საჭირო წამლებზე ფასების 4- ჯერ ზრდამ და მათი მკურნალობის სქემით გათვალისწინებული პრეპარატების შეზღუდულმა მიწოდებამ დაამძიმა ამ ოჯახების მდგომარეობა, იმიტომ, რომ გაეზარდათ ჯიბიდან გადახდა. 25 ათას ლარიანი ზღვარია დაწესებული დღეს საყოველთაო ჯანდაცვით და ნამდვილად არასაკმარისია. ვერ უპასუხა მათ ახლანდელ გამოწვევებს. ონკოპაციენტების საჭიროებებთან ერთად, უდიდეს გამოწვევად რჩება დიაბეტით დაავადებული ბავშვების მკურნალობის და აუცილებელი მედიკამენტების ასევე, საანალიზო ტექნიკური საშუალებების ხელმისაწვდომობა და იცით თქვენ ეს. განსაკუთრებით რეგიონებშია ეს პრობლემა.
მისი თქმით, აღნიშნული პროგრამების სრულყოფილად დასაფინანსებლად ბიუჯეტში თანხა საკმარისადაა.
„ამასთან, აუცილებელია მოხდეს მუნიციპალური, რეფერალური მიზნობრივი პროგრამების ხელმისაწვდომობის ზრდაც, ეს არის ერთადერთი შემავსებელი საყოველთაო ჯანდაცვასთან ერთად და ამ პროგრამების ბიუჯეტი უნდა გაიზარდოს. განხორციელდეს ასევე საერთაშორისო ტენდერით ფარმაკოლოგიური პროდუქტების შესყიდვა, ესეც მნიშვნელოვანია და აქ შესაბამისი ხარისხის კონტროლი საჭიროა და ამოქმედდეს GMP სტანდარტების ლაბორატორია. დასახელებული პროგრამებისთვის საკმარისადაა ფინანსები ბიუჯეტში“,-განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.