დღეს უპრეცედენტო სიავისა და დანაშაულის ფაქტი მოხდა - სასამართლო ხელისუფლება პირდაპირ, უკანონოდ და უხეშად ჩაერია პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში, -  ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, არმაზ ახვლედიანი სოციალურ ქსელში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით წერს, რომელმაც პრეზიდენტის განკარგულება შეაჩერა.

„კონსტიტუციისა და სახელმწიფოებრიობის საძირკვლების ძირგამომთხრელი ავანტიურა და სისხლის სამართლის დანაშაულია, რასაც ივანიშვილის პოლიციური რეჟიმის განშტოება- სასამართლო კლანი სჩადის პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ.

დღეს უპრეცედენტო სიავისა და დანაშაულის ფაქტი მოხდა: სასამართლო ხელისუფლება პირდაპირ, უკანონოდ და უხეშად ჩაერია პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში და შეაჩერა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრის დანიშვნის კონსტიტუციური აქტი, მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით აქვს სრული უფლებამოსილება ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება, შეარჩიოს და დანიშნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

მე, როგორც პრეზიდენტის “ქართულ ქარტიაზე” ხელმომწერი, კატეგორიულად ვგმობ დანაშაულებრივი კლანის ამ გაუგონარ, აღვირახსნილ ქმედებას და მოვუწოდებ თითოეულ მოქალაქეს და საქართველოს ყველა გულშემატკივარს, გავერთიანდეთ ამ ბოროტების წინააღმდეგ და ჩამოვაშოროთ 26 ოქტომბერს ივანიშვილის კლანური დაჯგუფება საქართველოს მართვას!“, - წერს არმაზ ახვლედიანი.

ცნობისთვის8 დღის წინ პრეზიდენტის მიერ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრად დანიშნულ კახა წიქარიშვილს სასამართლომ უფლებამოსილება შეუჩერა

 ამასთან, საქმეზე სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე, საქართველოს პრეზიდენტს აეკრძალა, ახალი კონკურსის ჩატარება და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის (ნებისმიერი ფორმით) დანიშვნა. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი მ. კ-ს სარჩელი გახდა.