ჩვენ „ქართული ოცნება“ კუთხეში მივაყენეთ. უნდა განვაგრძოთ ნაბიჯ-ნაბიჯ მისი იძულება, მეთოდებით, რომელიც იქნება არარევანშისტული, არაძალადობრივი და არა კონსტიტუციის საწინააღმდეგო - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„არსებითად ამ კოშმარული გარემოს შეცვლა შეიძლება ამ სამკუთხედის - საზოგადოების, დასავლელი პარტნიორების (რომლებიც ბოლომდე ერთგულნი არიან სახელმწიფოს და ჩვენი ევროპული პერსპექტივის) და პოლიტიკური ოპოზიციის (რომლის ნაწილმაც აჩვენა სიმტკიცე და თანმიმდევრულობა) საშუალებით. თუმცა ეს არ არის საკმარისი, მით უფრო ახალი გამოწვევების ფონზე. ერთი მხრივ, „ქართული ოცნების“ ამ წარმოუდგენელი მზაკვრობის, მეორე მხრივ კი, მერაბიშვილის მსგავსი პოლიტიკოსების მხრიდან პროვოკაციების ფონზე აშკარა ხდება, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელია ახალი პოლიტიკური კონფიგურაცია, უნდა გამოჩნდნენ ახალი პოლიტიკოსები, პოლიტიკური ჯგუფები. ყველაფერს გავაკეთებ სხვებთან ერთად, რომ ამ პროცესს ხელი შევუწყო. ამაზე საუბარი არის ხოლმე, მაგრამ ახლა დრო დგება.

ქართველი ხალხი, პოლიტიკური ოპოზიციის პასუხისმგებლიანი ნაწილი და დასავლელი პარტნიორები - ამ სამი კომპონენტის გაერთიანებულმა მუხტმა შეძლო ის, რომ ჩვენ „ოცნება“ კუთხეში მივაყენეთ. მას აქედან სწორი, სახელმწიფოებრივი დასკვნა უნდა გამოეტანა, თუმცა ამ სწორ დასკვნას არ გააკეთებს. ჩვენ უნდა განვაგრძოთ ნაბიჯ-ნაბიჯ მისი იძულება, იმ მეთოდებით, რომელიც იქნება ცხადია არა რევანშისტული, არაძალადობრივი და არა კონსტიტუციის საწინააღმდეგო“,- განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.