რადიკალური და დესტრუქციული ოპოზიციის ინტერესია, რომ სასამართლოზე იყოს წნეხი, ზეწოლა, მათი ამოცანაა, პოლიტიკური მეთოდებით და ინსტრუმენტებით უკანონო გავლენა და ზეგავლენა მოახდინონ მოსამართლეებზე, ეს არის კონსტიტუციის საწინააღმდეგო, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „თუ ინტერესია რაიმეს დადგენა, ჯერ უნდა ითხოვდნენ მტკიცებულებებს, რატომ სდებენ მოსამართლეებს კონკრეტულ ბრალს“.
„ვინ უნდა დაიბარონ საგამოძიებო კომისიაში, მოსამართლე, რომელსაც, კონსტიტუციით, უფლება არ აქვს და ეკრძალება, ვინმეს ანგარიში ჩააბაროს რაიმე საქმესთან დაკავშირებით? რომელ კონსტიტუციურ წესრიგში ჯდება, რომ მოსამართლის დაბარება სურს ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის ფარგლებში, ეს ნონსენსია და წარმოუდგენელია. ეს ყველაფერი პირდაპირ ხომ არ მიუთითებს იმაზე, რომ ისინი არიან კონკრეტული საქმეებით დაინტერესებული, მათ შორის იმით, რაზეც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მართლმსაჯულებამ კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო. ამის მიუხედავად, მათ სურთ, პოლიტიკური შურისძიებით მოსამართლეები მოიყვანონ, მათზე მოახდინონ პოლიტიკური წნეხი და ზეწოლა, მათ შორის, იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც სასამართლოს წინ აქვს მისაღები. ეს ყველაფერი პირდაპირი ზეწოლაა სასამართლოზე. როგორ წარმოგიდგენიათ, ამ ექსტრემისტულმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა რომც გამოკვეთონ, რომ არავითარი დარღვევა არ ყოფილა, რომელიმე გამოვა და ამას იტყვის, რომ ადგილი არ ჰქონია დარღვევას? თუ მათი ინტერესია რაიმეს დადგენა, ჯერ უნდა ითხოვდნენ მტკიცებულებებს, რატომ სდებენ მოსამართლეებს კონკრეტულ ბრალს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.