"რა კანონს იღებენ ქოცები? სწორია, „სიტყვა-სიტყვით დაკოპირებულს ამერიკული ანალოგიდან“. ხოდა, მერე გამოდი და ეძახე მას რუსული. პროპაგანდის მიზანი მიღწეულია", - ამის შესახებ "გირჩის" ერთერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომელიც "ქართული ოცნების" მიერ პარლამენტში დაინიცირებული კანონპროექტს ეხმაურება.
საქმე ეხება ახალ საკანონმდებლო ინიციატივას - „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს მოქმედი საკანონმდებლო აქტის ქართულენოვან თარგმანს წარმოადგენს.
"საკენკიო, იაგო იძახის, და აგერ მშვენიერი მაგალითი.
წარმოიდგინეთ, ქოცების ადგილზე ხართ და გინდათ „ამერიკული FARA“-ს კანონის დაინიცირება. შინაარსობრივად ამას თქვენ ვერ იზამთ, რადგან ამერიკული კანონი პოლიტიკურ ლობიზმს ეხება, რომელიც ჩვენ ქვეყანაში აკრძალულია, მაგრამ თქვენი მიზანია, ნებისმიერი დიალოგი მოკლათ იმით, რომ ამომრჩეველს გაუჯინოთ მარტივი აზრი - ეს ზუსტად, სიტყვა-სიტყვით „ამერიკული“ კანონია. ცხადია, მოსახლეობის 99% კანონებს არ კითხულობს (რაც სწორია, ეს პარლამენტარების საქმეა), ამიტომ ამომრჩეველი დაუჯერებს იმას, რაც მედიაში გავრცელდება. ქოცების მედია რომ "სწორად" გააშუქებს, გასაგებია, მაგრამ რას იზამდით ოპოზიციური მედიის შემთხვევაში. რომც ყველა მოსყიდული იყო, ისინი ხომ „რუსული-რუსულის“ ძახილში იღებენ ფულს, ახლა კი გინდა ეს დისკუსია დაასრულო იმით, რომ რუსული კი არა, „ამერიკულია“. თან ყველა მოსყიდული ხომ არ გეყოლება?
ამისთვის შენივე იურისტებს დაავალე, იდეაში დამამცირებელი (მაგრამ ამაზე ახლა ქოცები არასდროს ღელავდნენ) დავალება - დაწერე კონონი, სადაც „დარჩება“ სიტყვები „კონგრესი“, „აშშ-ს პრეზიდენტი“ და ა.შ.
რა რეაქცია მოჰყვება ამას ოპოზიციურ „ბაბლში“? ვიღაც მხოლოდ ნიუსის სათაურს წაიკითხავს, ახარხარდება და იტყვის, „ეს ქოცები რა დებილები არიან, ტექსტიც ვერ თარგმნეს“... ვიღაც ნახავს ქოცების კომენტარს, რომ ეს სპეციალურად გააკეთეს, მაგრამ მაინც აღნიშნავს მათ „არაადეკვატურობას“.
ჩვეულებრივად დაინიცირებული კანონის შემთხვევაში, ოპოზიციურ მედიაში ფოკუსი იქნებოდა გაკეთებული იმაზე, რომ ეს კანონი ვერ იქნება „ამერიკული“, რადგან ამერიკაში ის არეგულირებს იმას, რაც ჩვენთან უბრალოდ სრულიად აკრძალულია, ხოლო ჩვენ შემთხვევაში შეეხება იმას, რასაც ამერიკაში საერთოდ არ ეხება. ახლა კი ამის ნაცვლად, ხალხი იცინის „ამათმა, სიტყვა-სიტყვით დააკოპირეს, ჰა-ჰა-ჰა“.
შედეგად რა დარჩება ამომრჩეველს თავში? რა კანონს იღებენ ქოცები? სწორია, „სიტყვა-სიტყვით დაკოპირებულს ამერიკული ანალოგიდან“. ხოდა, მერე გამოდი და ეძახე მას რუსული. პროპაგანდის მიზანი მიღწეულია." - წერს ალექსანდრე რაქვიაშვილი.