საერთოდ ვისთვის არის ეს აქტუალური? ვის რა ოხრობად სჭირდება კანონპროექტი ("უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"), რომელზედაც ჩვენი მეგობრები გვეუბნებიან, ნატოს გენერალური მდივანი, რომელიც აქ იყო ჩამოსული, ევროკავშირის ყველა ქვეყნის წარმომადგენელი, შეერთებული შტატების წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ ნუ აკეთებ" - ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, "მოქალაქეების" წევრმა ალეკო ელისაშვილმა გადაცემაში "ღამის კურიერი" განაცხადა.
"მოდი, ყველაფერს თავი დავანებოთ, მოვაშოროთ ეს შინაარსი, რუსულია, არ არის რუსული, აზერბაიჯანულია თუ ა.შ. ხალხი რომ ერთ წლის წინ რაღაცაზე ისე გაფრთხილებს, რომ დაილეწა რუსთაველი, იმავეს ერთი წლის შემდეგ რატომ აკეთებ? რატომ ჰგონიათ ეს ხალხი იდიოტი?
ასეთ კანონებს იღებენ მტრების წინააღმდეგ. კანონი FARA, რომელიც არის შემოკლებული ვერსია, მიიღეს 1938 წელს ამერიკელებმა, ერთი მხრივ, ნაცისტების წინააღმდეგ და საბჭოთა "კაგებეს" წინააღმდეგ. ანუ "ფარამ" მიიღო მტრების წინააღმდეგ, მტრების გავლენის შესასუსტებლად. ევროკავშირი იღებს მტრების წინააღმდეგ და პირდაპირ ამბობს, რომ ევროკავშირის სახელმწიფოების ინტერესს ემუქრებიან რუსეთი და ჩინეთი და მათი გავლენების ასაკრძალად უნდათ. "ქართული ოცნება" პირდაპირ გვეუბნება, რომ მათი მტერი არის ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები და არა რუსეთი. რაც შეეხება გამჭვირვალობას, ერთმნიშვნელოვნად, მომხრე ვარ გამჭვირვალობის. არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ ორმაგი გამჭვირვალობა.
ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია ორმხრივი გამადიდებელი შუშის ქვეშ არის. ყოველ თვე აბარებენ დეკლარაციას, აბსოლუტურად ყველაფერი ჩანს, ნებისმიერ ადამიანს, ვისაც აქვს ეჭვი, რომ ვიღაც არასამთავრობო ორგანიზაცია რაღაცას მალავს, თქვას, რომლის გაგება უნდა და, ბოლო თეთრამდე, 2 წუთში გავიგებთ. თუ გინდათ, ექსპერიმენტი ჩავატაროთ. რეესტრში შედით და იქ ყველაფერი ღიაა. საგადასახადოს წინაშე ყველა არის პირნათელი, რას ჰქვია ვინმემ ფული დამალოს? საგადასახადოს, ყოველ თვე, ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის ფინანსური დირექტორი დეკლარაციას უვსებს, სადაც ბოლო თეთრამდეა ყველაფერი გაწერილი. შესაბამისად, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის და ეს არის ტყუილი.“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ცნობისთვის, 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო
მოგვიანებით კი აქციის მონაწილეებმა დააანონსეს, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს 15 აპრილის სხდომაზე განიხილავს.