ეს ხალხი ისევ დაატრიალებს ცოდვის და სისხლის კალოს, რითაც იყვნენ დაკავებული, ოღონდ ახლა უფრო გაშმაგებული და უფრო ენერგიული იქნებიან. ამას არც მალავენ, პოსტს პოსტზე წერენ „ფეისბუქში“, მოვალთ და სარებზე ჩამოგაცმევთო. - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა და განმარტა, რომ მას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ სალაპარაკო არაფერი არ აქვს.

ამასთან, ელისაშვილმა აღნიშნა, რომ მას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ სალაპარაკო არაფერი არ აქვს.

„ისინი დღემდე იძახიან, ციხის კადრები დადგმული იყოო. გეგონება, მარტო ის ერთი სცენაა, სადაც ცოცხს უტიკინებენ იმ პატიმარს და მაგის გარდა თურმე ციხეში არაფერი არ ყოფილა. დღემდე, ამასაც კი არ აღიარებენ. სანდრო გირგვლიანს დღემდე ხულიგანს ეძახიან და საჯაროდ ლანძღავენ. ელემენტარული სინანული არ გააჩნიათ და კიდევ ჰგონიათ, რომ პუტინმა გაუშვა ისინი ხელისუფლებიდან. იმას ვერ ხვდებიან, რომ ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი სინამდვილეში სააკაშვილმა მოიყვანა თავისი ძალადობით და სადიზმით და ამ ხალხის ხელისუფლებაში დაბრუნება არ შეიძლება. ეს ხალხი ისევ დაატრიალებს ცოდვის და სისხლის კალოს, რითიც იყვნენ დაკავებული, ოღონდ ახლა უფრო გაშმაგებული და უფრო ენერგიული იქნებიან. ამას არც მალავენ, პოსტს პოსტზე წერენ „ფეისბუქში“, მოვალთ და სარებზე ჩამოგაცმევთო. ამ ხალხის გამოსწორება არ იქნება და, შესაბამისად, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ სალაპარაკო მე პირადად არაფერი არ მაქვს. ასევე არ მაქვს სალაპარაკო პრორუსებთან და მსგავს ხალხთან“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეკითხვაზე, უნდა შეიქმნას თუ არა საპარლამენტო არჩევნების წინ მესამე ცენტრი, ალეკო ელისაშვილის თქმით,  არჩევნებამდე პარტიებმა ერთმანეთთან ლაპარაკი უნდა ისწავლონ, ამომრჩეველი დაარწმუნონ თავიანთი იდეების მართებულობაში, საკუთარი ელექტორატი გაზარდონ და მანამდე, რა თქმა უნდა, ალტერნატიული მიზიდულობის ცენტრი აუცილებლად უნდა შეიქმნას.

მისი თქმით, ქართული დემოკრატიისა და სახელმწიფოს განვითარებისთვის დაბალი ბარიერი უკეთესია.

„კარგი იქნება, თუ იქნება დაბალი ბარიერი, მაგრამ ჩვენი პარტია არ ვაპირებთ, ვეხვეწოთ „ქართულ ოცნებას“ ამასთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია, ჩვენთვის 5% არ იყოს პრობლემა და ამაზე ვმუშაობთ ყოველდღიურ რეჟიმში“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.