ქუთაისი, არის მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ქალაქი 3500 წლიანი ისტორიით და ევროპული ღირებულებებით. დღეს, ამ ევროპული ქალაქის დღესასწაულია.
,,ქუთაისქალაქობა 2024” ტრადიციულად ქალაქის დალოცვით დაიწყო. ბაგრატის ტაძარში, რომელიც გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოა სადღესასწაულო წირვა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ აღავლინა.
სადღესასწაულო ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ზაზა ლომინაძე და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
,,დღეს, ჩვენ აღვნიშნავთ ევროპის ერთ-ერთი უძველესი ქალაქის დღესასწაულს - ,,ქუთაისქალაქობას” კიდევ, უფრო მეტი სიამაყით, სიამაყით, რომელიც თითოეული ქართველის გულში მას შემდეგ არის, რაც ჩვენმა ქვეყანამ კიდევ, ერთი ნაბიჯი გადადგა ევროპისკენ მიმავალ გზაზე და მიიღო კანდიდატის სტატუსი. ვფიქრობ, ის გზა, რომელიც ერთადერთია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და არის ევროპისკენ მიმავალი, იქნება ძალიან წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მხარისთვის. მჯერა, მალე ვიზეიმებთ ,,ქუთაისქალაქობას”უკვე, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსით” - ზვიად შალამბერიძე.
,,ქუთაისქალაქობის” დღესასწაული ქუთაისს, დამეგობრებული ქალაქების წარმომადგენლებმა და ბულგარეთის ელჩმა საქართველოში ვესელინ ვალკანოვმა მიულოცეს. სტუმრების მიღება რეაბილიტირებულ ოქროს ჩარდახში გაიმართა.
,,ქუთაისქალაქობა 2024”-ის ფარგლებში ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქუთაისის კოლორიტების ოთარ სულაბერიძის, ოთარ მამფორიას და ოთარ ქორქიას ხსოვნას პატივი მიაგეს და ,,სამი ოთარის” ძეგლი ყვავილებით შეამკეს, ასევე ასსაფეხურიანი კიბეების მიმდებარედ გაიმართა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო- გასართობი აქტივობები, ფოტოზონები, სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა პლენერი, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მოსწავლეთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, მსახიობთა დასის (პანტომიმა, თემატური კოსტიუმები, ოჩოფეხები), პერფორმანსები.
ქალაქის დღესასწაულის ფარგლებში დღესვე საპატიო ქუთაისელების დაჯილდოება მოხდა.
,,ქუთაისქალაქობა 2024“ კლასიკური მუსიკის კონცერტით დასრულდა. ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრში მსმენელის წინაშე წარსდგა მეცოსოპრანო ნინო სურგულაძე, ტენორი სერხიო ესკობარ-პერესი, სოპრანო მარიკა მაჩიტიძე, ქუთაისის იოსებ კეჭაყმაძის სახელობის კამერული გუნდი და მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრი.