კეზერაშვილი რომ 11 წელია დაუსჯელად ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს, ესეც კი „ოცნების“ კისერზეა, რადგან მასთან გარიგებაში იყო - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითაც BBC-ის მილიარდდოლარიანი თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით საგამოძიებო სტატიას გამოეხმაურა, სადაც ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია მოხსენიებული.
„კეზერაშვილი რომ იშვიათი გარეწარია, რად გვინდოდა ამისთვის BBC-ის გამოძიება? ერთადერთი კაცი საქართველოში, 2008 წლის აგვისტოს ომის მერე, ვინც ბედნიერი იყო, იყო კეზერაშვილი. მას შემდეგ, რაც საწყობები გაძარცვეს, განსაკუთრებით უფლისციხის ცენტრალური საწყობი, რუსებმა, კეზერაშვილმა, ალბათ, ცხვარი დაკლა ან ხარი ბედნიერებისგან, რადგან მანამდე რაც ჰქონდა მოპარული, მიდი და გაიგე ახლა. დავლურს ცეკვავდა ბედნიერებისგან. ისედაც კი ჰქონდა ჰეროინი მიღებული და ბედნიერი დარბოდა იმ დღეებში. კეზერაშვილი აქ იყო და ქართული ჯარი გაძარცვა, ევროპაში წავიდა და ევროპელი პენსიონერები გაძარცვა, თან მილიარდ დოლარს მეხუმრებით? ვინ შეარჩენს?
მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ აუცილებლად, რომ ეს ცოდვაც კი „ქართული ოცნების“ კისერზეა. კეზერაშვილი რომ 11 წელია დაუსჯელად ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს, ზუსტად იმიტომ, რომ მილიონ გარიგებაში იყო „ქართულ ოცნებასთან““, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.