გირგვლიანის საქმის და სხვა გახმაურებული საქმეების სახელგატეხილ მოსამართლეებს რომ იცავს ოცნება და პრემიერი ძალიან სევდიანი საყურებელია - ასე ეხმაურება პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი პრემიერ მინისტრის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს მოსამართლეებთან დაკავშირებით.
"ბოდიში მომითხოვია უმფროსო მარა, მოსამართლეების დიდი ნაწილი კაი ნედლი წკეპლით არიან სამსახურიდან გამოსაყრელები. გირგვლიანის საქმის და სხვა გახმაურებული საქმეების სახელგატეხილ მოსამართლეებს რომ იცავს ოცნება და პრემიერი ძალიან სევდიანი საყურებელია. ოცნება უნდა წავიდეს! ნაცები არ უნდა მოვიდნენ!" - წერს ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდა, რის შემდეგაც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი და ძლიერია, მოსამართლეები კი კვალიფიციური.
„თქვენ როგორც მოქალაქეს უნდა გქონდეთ სიამაყის განცდა, რომ ჩვენი სასამართლო ბევრ ევროპულ სასამართლოზე წინ დგას, ეს ერთი. და მე გთხოვთ, ყველამ ძალიან დიდი პატივისცემით მოიხსენიოთ ყველა მოსამართლე… დამამთავრებინეთ.
ყველა მოსამართლე თქვენ უნდა მოიხსენიოთ დიდი პატივისცემით და მიმართოთ პატივისცემით, ამას მოვითხოვ მე, როგორც პრემიერ-მინისტრი და მოგიწოდებთ, იყოთ კორექტულნი. … სასამართლოს მიმართ ნდობა ჩვენი მოქალაქეების – თქვენი, მეგობრებო, არის ისტორიულ მაქსიმუმზე“, – მიმართა მან ჟურნალისტს.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ის მაქსიმუმს გააკეთებს, რომ სასამართლო იყოს დაცული ნებისმიერი ჩარევისგან.