NATO–ს წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტამდე ერთი კვირით ადრე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდა, უკრაინა NATO–ში მიიწვიოს.
ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში, ზელენსკიმ თქვა, რომ სწორედ ბაიდენია გადაწყვეტილების მიმღები და მან უკრაინა ახლა უნდა მიიწვიოს.
"შეერთებული შტატების პრეზიდენტი მხარს უჭერს NATO–ში უკრაინის მიღებას და მისგან მიწვევა იქნებოდა უდიდესი სტიმული უკრაინელი ჯარისკაცებისთვის", – განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც მან თქვა, ესმის, რომ ომის დასრულებამდე უკრაინა NATO–ს წევრი ვერ გახდება, მაგრამ "მნიშვნელოვანია გრძნობდე, რომ მომავალში მოკავშირეებთან ერთად იქნები".
NATO–ს წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში. სამიტზე, რომელზედაც მიწვეულია პრეზიდენტი ზელენსკიც, განიხილავენ უკრაინის უსაფრთხოების სამომავლო გარანტიებს. NATO–ს ლიდერთა წინასწარი განცხადებების თანახმად, ვილნიუსის სამიტზე არ იგეგმება ალიანსში უკრაინის ოფიციალურად მიწვევა.
NATO გადაწყვეტილებებს წევრი სახელმწიფოების კონსენსუსით იღებს.