NATO-ს ბლოკი მზადაა, თავი დაიცვას მოსკოვის ან მინსკის ნებისმიერი საფრთხისგან, - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, ნაადრევია რაიმე დასკვნის გაკეთება იმის შესახებ, თუ რა შედეგები მოჰყვება იმას, რომ "ვაგნერის" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი ბელარუსში გადავიდა, მაგრამ დიდი ალბათობით, მისი ძალების ნაწილიც ბელარუსში დასახლდება, განაცხადა სტოლტენბერგმა.
"ჩვენ მოსკოვსა და მინსკს გავუგზავნეთ მკაფიო სიგნალი, რომ NATO არსებობს იმისათვის, რომ დაიცვას ყველა მოკავშირე და NATO-ს ტერიტორიის ყველა სანტიმეტრი", - განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა. "რუსეთისა და ბელარუსის დედაქალაქებში უნდა ესმოდეთ, რომ, მიუხედავად "ვაგნერის" ძალების მოძრაობისა, ჩვენ ჩვენს მოკავშირეებს ნებისმიერი პოტენციური საფრთხისგან დავიცავთ", - დასძინა მან.
ამასთან, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ დასავლეთმა, გასული შაბათ-კვირის ქაოსური მოვლენების შემდეგ, რუსეთი არასათანადოდ არ უნდა შეაფასოს. "ლიეტუვაში, ივლისის სამიტზე, ალიანსი ყურადღებას გაამახვილებს კოლექტიური თავდაცვის გაძლიერების გადაწყვეტილებებზე, რათა დაიცვას ყველა წევრი - განსაკუთრებით ისინი, ვისაც საერთო საზღვარი აქვს რუსეთთან და ბელარუსთან", - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.
ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ, თავის მხრივ, ბელარუსში "ვაგნერის" მებრძოლების განლაგების რისკების შესახებ განაცხადა. "თუ "ვაგნერი" თავის სერიულ მკვლელებს ბელარუსში გადაიყვანს, ყველა მეზობელი ქვეყანა არასტაბილურობის კიდევ უფრო დიდი რისკის წინაშე აღმოჩნდება", - თქვა მან.
23 ივნისს რუსეთის დაქირავებულმა კერძო სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო "ვაგნერელების" ბანაკზე თავდასხმაში დაადანაშაულა, რასაც პრიგოჟინის დაჯგუფების სამხედრო ამბოხი მოჰყვა. 23-24 ივნისს ვაგნერმა როსტოვისა და ვორონეჟის სამხედრო ობიექტები დაიკავა და მოსკოვს მიუახლოვდა.
რუსეთში სამხედრო არეულობას 24 ივნისს ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 5 წუთიანი ვიდეომიმართვით გამოეხმაურა და თქვა, რომ ვინც იარაღი აღმართა თანამებრძოლების წინააღმდეგ, უღალატა რუსეთს - ისინი პასუხს აგებენ.
ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს შუამავლობით მხარეებს შორის შეთანხმება დაიდო. პრიგოჟინი ბელარუსში გაემგზავრა, ამბოხის გამო მის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის წარმოება კი შეწყდა.