უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას არ შეუძლია, ომში „რამენაირი ჩიხი“ დაუშვას.
"გაყინული ომი მძინარე ვულკანს ჰგავს, მაგრამ ის აუცილებლად გაიღვიძებს. დროის საკითხია. ამიტომ, ჩვენ არ შეგვიძლია მივიღოთ რაიმე ჩიხი. ჩიხი დროებითი სისუსტეა. თუ ჩვენ გვინდა ომის დასრულება, ის უნდა დავასრულოთ. რომ მთელმა მსოფლიომ იცოდეს, ვინც მოვიდა, დაატყვევა და მოკლა, პასუხი აგო“, - განაცხადა მან აფრიკელ ჟურნალისტებთან საუბრისას.
უკრაინის ლიდერის თქმით, თუ ეს არის „ჩიხური ვითარება და გაყინული კონფლიქტი“, გულწრფელად უნდა ვთქვათ, რომ შემდეგი თაობები იბრძოლებენ, რადგან რუსეთი „ისევ მოვა, თუ თავის ადგილს არ მიუჩენენ“.
„ჩვენ გვინდა მშვიდობა. ეს დასასრული შეიძლება, განსხვავებული იყოს - ზოგს მოსწონს, ზოგს არა, მაგრამ აუცილებელია. ის იმგვარი უნდა იყოს, რომ ბოროტება დაზარალდა და არა მხოლოდ უკრაინა, რომელსაც ის დაესხა თავს. მაშინ ეს სამართლიანია“, - დასძინა პრეზიდენტმა.
მანამდე, ჟურნალ The Economist-თან უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარმა სარდალმა ვალერი ზალუჟნიმ თქვა, რომ ომი გადადის „პოზიციური ომის“ ახალ ეტაპზე, რამაც შეიძლება, სარგებელი რუსეთს მოუტანოს. მისი თქმით, ტექნოლოგიური უპირატესობის გაძლიერების გარეშე, "სავარაუდოდ, არ იქნება ღრმა გარღვევა" რუსული ძალების წინააღმდეგ.
ზელენსკიმ აღიარა, რომ ბრძოლის ველზე ვითარება ძალიან რთულია. მაგრამ, პრეზიდენტის თქმით, მას არ სჯერა, რომ ომი "ჩიხში" შევიდა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა არ გამართავს მოლაპარაკებებს რუსეთთან, სანამ რუსეთის ფედერაცია მთლიანად არ დატოვებს უკრაინის ტერიტორიებს.