უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, 26 ივნისს უკრაინელმა სამხედროებმა ფრონტის ყველა მიმართულებით წინ წაიწიეს.
"ეს ბედნიერი დღეა", - განაცხადა ზელენსკიმ უკრაინელებისადმი წუხანდელი ვიდეომიმართვისას.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, იგი დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში იმყოფებოდა, სადაც ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლ მეომრებს შეხვდა, გმირობისთვის მადლობა გადაუხადა და ბევრი ასეთი დღე უსურვა.
ივნისის დასაწყისიდან უკრაინის თავდაცვის ძალები კონტრშეტევით ოპერაციებს ატარებენ დონეცკის და ზაპოროჟიეს მიმართულებებით. 26 ივნისამდე უკრაინის თავდაცვის სამინისტრო იუწყებოდა 8 დასახლებული პუნქტის გათავისუფლებაზე. 26 ივნისს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ კონტროლი დაიბრუნეს დონეცკის ოლქის სოფელ როვნოპოლზე. იმავე დღეს უკრაინის სახმელეთო ძალების სარდალმა, გენერალმა სირსკიმ აღნიშნა, რომ თავდაცვის ძალებმა კონტროლი სევერსკი დონეცი-დონბასის არხის დასავლეთ ნაპირზეც დაიბრუნეს.