რუსეთის დესტაბილიზაციური აქტივობა მარცხდება, მოლდოვა ევროპაში იმარჯვებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს.
"მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს ველაპარაკე.
მოხარული ვიყავი, რომ მაიასთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მიმელოცა და წარმატება მესურვა.
ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ რუსეთის დესტაბილიზაციური აქტივობა მარცხდება, ხოლო მოლდოვა ევროპაში იმარჯვებს. რუსული ძირგამომთხრელი საქმიანობა, მუდმივი დეზინფორმაცია - აქედან არაფერმა არ იმუშავა. მნიშვნელოვანია, რომ მოლდოვამ საფრთხეებისგან ეფექტიანად დაიცვა თავი ყველასთან ერთად, ვინც დახმარება გაწია.
გავაგრძელებთ ერთად მუშაობას, წინააღმდეგობის ერთობლივად გადალახვასა და მომავლის შენებას, რომელშიც ჩვენს ხალხებს ძლიერი პერსპექტივები აქვთ უსაფრთხოებაში, ეკონომიკაში და, შესაბამისად, საზოგადოებრივ ცხოვრებაში", - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
უახლესი ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, პრეზიდენტ მაია სანდუს პროევროპული პარტია, "მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია" (PAS) ხმების 50.17%-ით ლიდერობს და პარლამენტში უმრავლესობის შენარჩუნებას შეძლებს. ამჟამად ხმების 99.96% არის დათვლილი.