უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის ხელმძღვანელობა უნგრეთის მთავრობის დამხობის განზრახვაში დაადანაშაულა. ამის შესახებ მან სახელმწიფო რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, უნგრელები შოკირებული იყვნენ იმით, რაც ხდებოდა ევროპარლამენტში, რადგან მათ გონებაში ევროპისა და ევროპული პოლიტიკის განსხვავებული სურათი აღიბეჭდა.

„ჩვენ გვეგონა, რომ იქ ჭკვიანი ხალხი იყო, ვფიქრობდით, რომ პოლიტიკური დებატები უფრო მაღალი ხარისხის იქნებოდა”, - თქვა ორბანმა და დასძინა, რომ „ევროპარლამენტში სრული არეულობა იყო“.

უნგრეთის მთავრობის მეთაურის თქმით, ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში „კულტურულ შოკში“ იყო.

ორბანის მტკიცებით, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპის სახალხო პარტიის ლიდერმა მანფრედ ვებერმა განაცხადეს, რომ მათ სურთ „უნგრეთის მთავრობის დამხობა“ და მისი შეცვლა „ბრიუსელის მთავრობით“.

„მათ დაასახელეს უნგრეთის ახალი მთავრობის წევრები. ევროპელ სოციალისტებს სურთ კლარა დობრევის დელეგირება, ხოლო EPP-ს სურს პეტერ მადიარი... ბრიუსელს სურს უნგრეთის მთავრობაში სოციალისტის და სახალხო პარტიის წევრის დელეგირება. სუვერენიტეტის პოლიტიკა დასრულდა...,“ - განაცხადა ორბანმა.