ევროპარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ევროკავშირს თავმჯდომარე ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის გამოსვლის დროს ევროკავშირის ხელმძღვანელობის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მძაფრი საპასუხო რეაქცია მოჰყვა.

ვიქტორ ორბანმა ევროპარლამენტის სხდომაზე უნგრეთის ევროკავშირის ექვსთვიანი პრეზიდენტობის პრიორიტეტებზე ისაუბრა, წუხილი გამოთქვა მსოფლიო ვაჭრობაში ევროპის წილის შემცირების გამო და ნაკლები რეგულირების ბიუროკრატიული მექანიზმის შემცირებისკენ მოუწოდა.

მწარმოებლურობის ზრდა, ბიუროკრატიის შემცირება და გადაწყვეტილებების ერთობლივად მომზადება ევროკავშირს უფრო კონკურენტუნარიანს გახდის. მწვანე ტრანსფორმაცია კი არ არის ევროპის ენერგეტიკული პრობლემების გადაწყვეტა.

ორბანი შეეხო აგრეთვე მიგრაციის პრობლემას და აღნიშნა, რომ ევროპული თავშესაფრის სისტემა აღარ მუშაობს. ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომლებსაც აქვთ ევროკავშირის გარე საზღვარი, განსაკუთრებული ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან და მეტი ევროპული მხარდაჭერა სჭირდებათ. არალეგალური მიგრაცია იწვევს ანტისემიტიზმს და ჰომოფობიას, დაპირისპირებას და არეულობას.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ორბანი დაადანაშაულა პროტექციონისტულ ეკონომიკურ პოლიტიკაში და ფავორიტიზმში და აქედან გამომდინარე, მის ქვეყანაში ეკონომიკური მიმზიდველობის ნაკლებობაში დაადანაშაულა და თქვა, რომ მას, უპირველეს ყოვლისა, სურს ისაუბროს უკრაინაზე, რომელიც ომში მესამე ზამთარს ხვდება. და ეს ხდება იმის გამო, რომ ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც ომს აბრალებენ მას, ვისაც თავს დაესხნენ და არა მას, ვინც თავს დაესხა. „მინდა მათ ვკითხო: ვინმე უნგრელებს ადანაშაულებს 1956 წლის საბჭოთა შეჭრაში? ან ჩეხებს და სლოვაკებს 1968 წლის საბჭოთა რეპრესიების გამო? ან ლიეტუველებს 1991 წლის საბჭოთა რეპრესიებისთვის?"

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე გაიხსენა ის ფაქტი, რომ რუსეთისა და ბელორუსიის მოქალაქეებისთვის უნგრეთში შესვლა გამარტივდა და ისინი ევროკავშირში ხვდებიან უსაფრთხოების დამატებითი შემოწმების გარეშე.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ფონ დერ ლაიენის მოსმენის შემდეგ თქვა, რომ გაკვირვებული დარჩა მისი სიტყვების გამო და დაადანაშაულა იგი კომისიის „პოლიტიკურ იარაღად“ გადაქცევაში. მან უარყო ყოველგვარი შედარება 1956 წლის მოვლენებსა და რუსეთის შეჭრას შორის უკრაინაში და გაიმეორა, რომ ევროკავშირს, მისი აზრით, ომთან დაკავშირებით „წაგებიანი სტრატეგია" აქვს შემუშავებული.

„ჩვენ არასოდეს მივიღებთ მიდგომას, რომლის მიხედვითაც ევროპული ერთიანობა ნიშნავს იმას, რომ თქვენ მიგვითითოთ, რა გავაკეთოთ, ჩვენ კი ჩუმად უნდა ვიყოთ" - თქვა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.