სხვა მსხვილი ბაზრებისგან განსხვავებით, ევროპა თავის ბაზარს ჩინური საქონლისთვის ღიად ტოვებს, თუმცა ჩინეთი ასეთ ღიაობას არ ავლენს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირი-ჩინეთის სამიტის შემდეგ განაცხადა.

ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთთან ურთიერთობამ აშკარა გარდამტეხ წერტილს მიაღწია.

„როგორც ჩინეთის ხელმძღვანელობას ვუთხარით, იმისათვის, რომ ვაჭრობა ორმხრივად მომგებიანი დარჩეს, ის უფრო დაბალანსებული უნდა გახდეს. ევროპა მიესალმება კონკურენციას. ჩვენ მოგვწონს კონკურენცია, მაგრამ კონკურენცია სამართლიანი უნდა იყოს. ჩვენ ამ საკითხში პროგრესი უნდა დავინახოთ, რადგან პროგრესის გარეშე ევროკავშირისთვის ძალიან რთული იქნება ამჟამინდელი გახსნილობის დონის შენარჩუნება“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ბრიუსელი პეკინისგან ელის, გამოიყენოს თავისი გავლენა, რათა რუსეთი დაარწმუნოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაში და დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან სისხლისღვრის დასასრულებლად.

„ის, თუ როგორ გააგრძელებს ჩინეთი პუტინის ომთან ურთიერთქმედებას, გადამწყვეტი ფაქტორი იქნება ჩვენი ურთიერთობების მომავლისთვის. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან ნათლად ვისაუბრეთ. ჩინეთს გავლენა აქვს რუსეთზე, ისევე როგორც ევროკავშირს აქვს გავლენა უკრაინაზე და ჩვენ ველოდებით, რომ ჩინეთი გამოიყენებს ამ გავლენას, რათა რუსეთი სერიოზულად მიუჯდეს მოლაპარაკებების მაგიდას. ჩვენი მთავარი აქცენტი მოლაპარაკებების გზით მიღწეულ გადაწყვეტაზეა. ჩვენ გვსურს მოლაპარაკებების გზით მიღწეული გადაწყვეტა. ამჟამად გვაქვს ძალიან ინტენსიური ტექნიკური და პოლიტიკური კონტაქტები და დისკუსიები“,  – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.