სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტას შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ლიდერებმა საერთო განცხადება გაავრცელეს.

მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზაობა წინ წაეწიათ ევროკავშირსა და სომხეთს შორის მზარდი პარტნიორობა.

კოშტამ და ფონ დერ ლაიენმა სომხეთის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ამბიციური დემოკრატიული რეფორმების მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს.

შეხვედრის დროს ლიდერებმა ევროკავშირ-სომხეთის ახალი პარტნიორობის დღის წესრიგთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმების მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს.

მათ ასევე დადებითად შეაფასეს სომხეთის მიერ ვიზალიბერალიზაციის პროცესში მიღწეული პროგრესი და ახლახან მიღებული კანონი "ევროპული ინტეგრაციის პროცესის დაწყების შესახებ".

ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მზადყოფნა მხარი დაუჭიროს სომხეთის გამძლეობასა და გრძელვადიან განვითარებას მნიშვნელოვანი ფინანსური და ტექნიკური დახმარების გზით.

შეხვედრაზე ფონ დერ ლაიენმა და კოშტამ სომხეთის პრემიერმინისტრს სანქციების აღსრულების საკითხში სომხეთის ძალისხმევის გამო მადლობა გადაუხადეს.

კოშტამ და ფონ დერ ლაიენმა ასევე დადებითად შეაფასეს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის ხელშეწყობის მიმართულებით სომხეთის მიმდინარე ძალისხმევა, რომელიც აზერბაიჯანთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში აქტიური ჩართულობითა და თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯებით გამოიხატება.