უკრაინის სტრატეგია NATO-ს სამხედროებთან შეხვედრის შემდეგ შეიცვალა, – იუწყება The Guardian.
მისი ცნობით, უკრაინის კონტრშეტევის ახლებური სტრატეგია 15 აგვისტოს NATO-ს სამხედრო მაღალჩინოსნებთან უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდა.
როგორც გამოცემა წერს, "კიევიდან 300 მილის მანძილზე თავის გუნდთან ერთად ჩავიდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ, გენერალი ვალერი ზალუჟნი".
"5-საათიან შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ბრიტანეთის არმიის სარდალი, ადმირალი ენტონი რადაკინი და NATO-ს უმაღლესი სარდლობის (SACEUR) ხელმძღვანელი, ამერიკელი გენერალი კრისტოფერ კავოლი. მანამდე რადაკინი ჩასული იყო კიევში, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად", – იტყობინება გამოცემა.
უცნობია კონკრეტული ადგილი, მაგრამ გენერალ ზალუჟნისთან გამართული შეხვედრა არ გასაიდუმლოებულა. ამის შესახებ 18 აგვისტოს სოციალურ ქსელში თავად ენტონი რადაკინმაც დაწერა. იგი მიუთითებს, რომ 5-საათიანი შეხვედრის მთავარი თემები იყო კონტრშეტევა და გეგმები 2024 წლის ზამთრისთვის.
„რუსეთი არასათანადოდ აფასებს უკრაინის მდგრადობას, განგრძობად სამხედრო სიძლიერესა და პროფესიონალიზმს და მოკავშირეების სოლიდარობას“, - აღნიშნავს ბრიტანეთის არმიის სარდალი.
„ვფიქრობ, ხედავთ, რომ მოხდა მათი [უკრაინელების სამხედრო ძალის] კონცენტრირება ზაპოროჟიეს ფრონტზე“, - განუცხადა The Guardian–ს ინფორმირებულმა წყარომ და დაამატა, რომ "უკრაინის შეიარაღებული ძალების ტოკმაკისკენ დაძვრა აზოვის ზღვისკენ უფრო ინტენსიური წინსვლის დაწყებაზე მიუთითებს".
ბოლო დღეებში საერთაშორისო მედია ხშირად აღნიშნავდა, რომ აშშ-დან უკრაინა იღებდა შენიშვნებსა და რეკომენდაციებს კონტრშეტევის ნაკლებად წარმატებულ სტრატეგიასთან დაკავშირებით.