წამყვანმა ფარმაცევტულმა კომპანიამ დააანონსა, რომ კიბოს, გულ-სისხლძარღვთა და ავტოიმუნური დაავადებების ვაქცინები 2030 წლისთვის იქნება მზად. ამის შესახებ The Guardian წერს.
დოქტორმა პოლ ბარტონმა, Moderna-ს მთავარმა სამედიცინო ოფიცერმა განაცხადა, რომ მისი კომპანია მსგავსი დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინას უკვე 2030 წლისთვის შემოგვთავაზებს.
"ჩვენ გვექნება ეს ვაქცინა და ის იქნება უაღრესად ეფექტიანი. ამით მილიონობით სიცოცხლეს გადავარჩენთ. ჩვენ შევქმნით პერსონალიზებულ ვაქცინებს სხვადასხვა ტიპის სიმსივნის საწინააღმდეგოდ", - თქვა ბარტონმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ mRNA თერაპიას შეუძლია გადაჭრას იშვიათი დაავადებების პრობლემა, რომელთათვისაც ამჟამად არ არსებობს ხელმისაწვდომი თერაპია.
"ვფიქრობ, ჩვენ გვექნება mRNA-ზე დაფუძნებული თერაპია ისეთი დაავადებებისთვის, რომლებიც ადრე არ იყო განკურნებადი. 10 წლის შემდეგ მივუახლოვდებით სამყაროს, სადაც თქვენ ნამდვილად შეძლებთ დაავადების გენეტიკური მიზეზის იდენტიფიცირებას და შედარებით მარტივად მათ დამარცხებას. ეს ყველაფერი mRNA-ზე დაფუძნებული ტექნოლოგიის გამოყენებით", - დასძინა ბარტონმა.
ბარტონი ვაქცინების მხრივ პროგრესს ნაწილობრივ COVID-19-თან აკავშირებს.
"ვფიქრობ, რომ პანდემიამ ამ ტექნოლოგიის პროგრესი დააჩქარა. მან მოგვცა საშუალება, გაგვეფართოებინა წარმოება. ასე რომ, ჩვენ ძალიან კარგად ვისწავლეთ ვაქცინების სწრაფად და უსაფრთხოდ დამზადება", - განმარტა მეცნიერმა.