NATO–ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ შვედეთი NATO-ს წევრი 2024 წელს გახდება.
სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ სტოკჰოლმმა თურქეთის მიმართ ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა.
რუსეთის უკრაინაში სრულმასშატბიანი შეჭრის შემდეგ შვედეთმა და ფინეთმა NATO–ში გაწევრიანება მოითხოვეს. ალიანსის წევრმა თურქეთმა ფინეთის საკითხი დაამტკიცა, მაგრამ უარყოფითად შეხვდა შვედეთის განაცხადს - თურქეთის ცნობით, სტოკჰოლმი იცავს ორგანიზაციებს, რომლებსაც ანკარა ტერორისტებად მიიჩნევს. მიუხედავად იმისა, რომ შვედეთის NATO–ში გაწევრიანების რატიფიცირება არც უნგრეთმა მოახდინა, მთავარ დაბრკოლებად თურქეთი განიხილება.
2023 წლის 26 დეკემბერს თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომისიამ დაამტკიცა შვედეთის NATO–ში გაწევრიანების განაცხადი, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია დასავლური ალიანსის გაფართოებისკენ 19-თვიანი შეფერხების შემდეგ. შემდეგი ნაბიჯი, როგორც Reuters იტყობინება, სრული საპარლამენტო კენჭისყრაა, რომელზედაც საკითხის დადებითად გადაწყვეტას მოელიან. შემდეგ კანონს ხელი პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა უნდა მოაწეროს.