პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პარტნიორებისადმი მიმართვას ეხმიანება.

"საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არჩევნები არის გაყალბებული. ევროპა ახლა ქართველი ხალხის გვერდით უნდა დადგეს", – წერს სიკორსკი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და უცხოელ პარტნიორებს მიმართავს, "გვერდით დაუდგნენ ქართველ ხალხს".

"მინდა, მივმართო ჩვენს პარტნიორებს – ევროპელებს, ამერიკელებს. მოვისმინე განცხადებები და ძალიან მადლობელი ვართ ყველანი ამ განცხადებებისთვის, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს საზღვრების გარეთ, რომ საქართველოს მომავლის დაცვა, ამ რეგიონში გეოპოლიტიკური ბალანსის დაცვა, ამ რეგიონის ევროპული მომავლის დაცვა, ეს არის ხალხის დაცვა და არა ამ არალეგიტიმურ მთავრობასთან რამე კავშირების დამყარება. ამით თქვენ ვერ დაიცავთ ამ ქვეყნის მოსახლეობას. თქვენ მხოლოდ შეგიძლიათ, რომ მოსახლეობა დაიცვათ, დაიცვათ მოსახლეობის უფლებები და დემოკრატიული უფლებები ამ ქვეყანაში და როგორც თქვენ დაიცავით საქართველო, როცა ხელისუფლებას უნდოდა, რომ მიეღო და მიიღო კიდეც რუსული კანონი და დადექით მოსახლეობის მხარეს, ასევე ამ არჩევნების შემდეგ, გვერდით უნდა დაგვიდგეთ ჩვენ, მოსახლეობას, საზოგადოებას იმიტომ, რომ ეს არჩევნები არ შედგა, არ არის ლეგიტიმური და ვერაფერი ვერ გახდის ამ არჩევნებს ლეგიტიმურს", – ასე მიმართა მან პარტნიორებს.