სერბეთის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და მათი მომხრეები ბელგრადის ქუჩებში საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, რომელშიც გამარჯვება მმართველმა „პროგრესულმა პარტიამ“ მოიპოვა.
დემონსტრანტები აცხადებენ, რომ შედეგები არ ასახავს მოქალაქეთა ნებას, შესაბამისად, ბელგრადის ასამბლეის არჩევნების შედეგების გაუქმებასა და კენჭისყრის ხელახლა ჩატარებას მოითხოვენ. მმართველი ძალა კი ბრალდებებს უარყოფს და გამარჯვებას ზეიმობს.
17 დეკემბრის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნების შედეგად, 250-წევრიან პარლამენტში მანდატები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ალექსანდრ ვუჩიჩის კოალიცია - 128;
ოპოზიციური კოალიცია - „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“ – 65;
„სერბეთის სოციალისტური პარტია“ + „გაერთიანებული სერბეთი“ + „სერბეთის მწვანეები“ – 18;
„ეროვნული დემოკრატიული ალტერნატივა - NADA” – 13;
„ჩვენ - ხალხის ხმა“ – 13;
„ვოევოდინელ უნგრელთა ალიანსი“ – 6;
“სამართლიანობის და შერიგების პარტია“ + „ვოევოდინელი ხორვატების დემოკრატიული ალიანსი“ – 3;
„სანჯაყის დემოკრატიული ქმედების პარტია“ – 2;
„პრიშევოს ხეობის ალბანელთა კოალიცია“ – 1;
„რუსული პარტია“ + „იუგოსლავიის ახალი კომუნისტური პარტია“ – 1.
17 დეკემბერს სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა საკანონმდებლო ორგანოს არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 2023 წლის მაისში ცეცხლსასროლი იარაღიდან განხორციელებულ სროლებს ჯამში 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ქვეყანა მასშტაბურმა საპროტესტო გამოსვლებმა, სახელწოდებით - „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“, მოიცვა.
განათლების მინისტრის, ბრანკო რუჟიჩის, შინაგან საქმეთა მინისტრის, ბრატისლავ გაშიჩისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორის, ალექსანდარ ვულინის გადადგომას მოთხოვნით დაწყებული გამოსვლები, სერბეთის პრეზიდენტის, ალქსანდრ ვუჩიჩისა და მისი მოკავშირეების მხრიდან აქციის მონაწილეთა მოთხოვნების შესრულებაზე სასტიკი უარის მიღების შემდეგ, მასშტაბურ ანტისამთავრობო პროტესტში გადაიზარდა.
„პროგრესული პარტია“ სერბეთის ხელისუფლების სათავეში 2012 წლიდან იმყოფება. 2012 წლის შემდეგ, ქვეყანაში საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები ხუთჯერ გაიმართა და ხუთივე შემთხვევაში ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობის მიღება „პროგრესულმა პარტიამ“ მოახერხა.