საერთაშორისო დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ მმართველმა, "სერბეთის პროგრესულმა პარტიამ" (SNS) მოიპოვა უსამართლო უპირატესობა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მედიის მიკერძოებულობის, პრეზიდენტ ალექსანდრე ვუჩიჩის არასათანადო გავლენისა და ხმის მიცემის პროცესში დარღვევების გამო, როგორიცაა ხმების მოსყიდვა. ამის შესახებ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა რეინჰოლდ ლოპატკამ განაცხადა პრესკონფერენციაზე.

„საპარლამენტო არჩევნები, მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად კარგად იყო ორგანიზებული და ამომრჩევლებს პოლიტიკური ალტერნატივების არჩევანს სთავაზობდა, ხასიათდებოდა პრეზიდენტის გადამწყვეტი მონაწილეობით, რაც მმართველი პარტიის სისტემურ უპირატესობებთან ერთად არასამართლიან პირობებს ქმნიდა“, - განაცხადა ლოპატკამ.

დამკვირვებლები ასევე მიუთითებენ სამთავრობო რესურსების ბოროტად გამოყენებაზე, ოფიციალურ ფუნქციებსა და კამპანიის აქტივობებს შორის გამიჯვნის არარსებობაზე, ამომრჩეველთა დაშინებასა და ხმის მოსყიდვაზე.

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში 18 დეკემბერს ოპოზიციის ასობით მომხრე გავიდა ქუჩებში მას მერე, რაც ქალაქის საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ მუნიციპალურ არჩევნებში გაიმარჯვეს მმართველი, "სერბეთის პროგრესული პარტიის" (SNS) კანდიდატებმა. ქვეყნის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი ამ პარტიას წარმოადგენს. ქვეყნის საარჩევნო კომისიის განცხადებით, ვუჩიჩის კოალიციამ გამარჯვება მოიპოვა საპარლამენტო არჩევნებშიც, რომელიც მუნიციპალურ კენჭისყრასთან ერთად გაიმართა.

დემონსტრანტებმა და ოპოზიციური, პროევროპული კოალიციის, სახელად "სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ" მომხრეებმა საარჩევნო კომისიის და მუნიციპალური უწყებების შენობებთან მოიყარეს თავი, ბელგრადის მუნიციპალური არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით. ისინი მმართველ პარტიას ბრალს სდებენ მოქალაქეების უკანონოდ, ავტობუსებით ჩამოყვანაში სხვა რეგიონებიდან და საზღვარგარეთიდან, დედაქალაქის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.

"იმის გათვალისწინებით, რომ ბელგრადში კანონიერი რეგისტრაციის არმქონე 40 000-ზე მეტი პირი ჩამოიყვანეს SNS-ის სიის მხარდასაჭერად - რამაც მნიშვნელოვნად შეცვალა ბელგრადელების საარჩევნო ნება - მოვითხოვთ ქალაქ ბელგრადში ჩატარებული არჩევნების გაუქმებას და კენჭისყრის გამეორებას" - აცხადებს კოალიცია, რომლის წარმომადგენელთა ნაწილიც ამბობს, რომ საპროტესტო შიმშილობას დაიწყებს.