სერბეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი მონაცემების მიხედვით, პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის მმართველი „სერბეთის პროგრესული პარტია“ ლიდერობს.
ბიულეტენების ნახევრის დათვლის შემდეგ, „სერბეთის პროგრესულ პარტიას“ ხმების 47% აქვს და მოსალოდნელია, რომ პარლამენტში 250 ადგილიდან 130-ს დაიკავებს, ხოლო მთავარ ოპოზიციურ პარტიას „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“, ამომრჩეველთა ხმების 23% ერგო.
ალექსანდრ ვუჩიჩმა ვადამდელ არჩევნებში გამარჯვება უკვე გამოაცხადა.
მთავარმა ოპოზიციურმა ჯგუფმა განაცხადა, რომ ადგილი ჰქონდა ხმების გაყალბებას.
მანამდე, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მმართველ პარტიას, უმრავლესობის დაკარგვას უწინასწარმეტყველებდნენ. მედია წერდა, რომ „სერბეთის პროგრესული პარტიის“ რეიტინგი მკვეთრად იყო დაცემული.