საუდის არაბეთის სამეფო უკრაინას 400 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტს გამოუყოფს. ამის შესახებ საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პრინცმა ფაისალ ბინ ფარჰან ალ საუდმა განაცხადა.
"ჩვენ განვიხილეთ უკრაინელი ხალხის ჰუმანიტარული საჭიროებები, მათ შორის 400 მილიონი დოლარის ღირებულების ჰუმანიტარული დახმარების ორი პაკეტი. ვიმედოვნებთ, რომ ეს დახმარება მიაღწევს მძიმე ვითარებაში მყოფ ადამიანებამდე და დაეხმარება ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებაში. იმედი მაქვს, რომ ის დაეხმარება იძულებით გადაადგილებულ პირებს ქვეყნის შიგნით და გარეთ." - განაცხადა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრიი ერმაკმა განმარტა, რომ საუბარია 100 მილიონი დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებაზე და 300 მილიონი დოლარის ნავთობპროდუქტების მიწოდებაზე.
მხარეებმა ასევე განიხილეს საუდის არაბეთის შუამავლობა სამხედრო ტყვეების გათავისუფლებაში. პრინცმა ფაისალ ბინ ფარჰან ალ საუდმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მის ქვეყანას სურს ყველაფერი გააკეთოს "საომარი მოქმედებების სიმძიმის შესამცირებლად."
უკრაინის პრეზიდენტმა საუდის არაბეთს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
"ჩვენ ვაფასებთ ამ ვიზიტს და მიგვაჩნია, რომ ეს არის უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი მტკიცებულება, განსაკუთრებით რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების წლისთავის დღეებში. რამდენადაც ვიცი, ეს არის პირველი ვიზიტი ჩვენი დამოუკიდებლობის 30 წელიწადში. იმედი მაქვს, რომ ეს ახალ ბიძგს მისცემს ჩვენი ორმხრივად მოგებიანი დიალოგის შემდგომ გააქტიურებას", - განაცხადა ზელენსკიმ.