ფორუმის შედეგები იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში ლი ჯუნჰუამ შეაჯამეს.
„ბოლო დღეების განმავლობაში ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რომლებიც თანამედროვე საჯარო მმართველობის საფუძველს ქმნის და მის მომავალს განსაზღვრავს. ესენია: ციფრული ტრანსფორმაცია, ინოვაცია, გამჭვირვალობა, ინკლუზიურობა, საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის გაძლიერება. ამ თემებზე გამოცდილების გაზიარება საჯარო სერვისების მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს“, – განაცხადა პაატა სალიამ.
იუსტიციის მინისტრმა ფორუმის მონაწილეებს ღონისძიების წარმატებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საჯარო სერვისების გაერო-ს მაღალი დონის ფორუმის თბილისში ჩატარება იმ რეფორმების საერთაშორისო აღიარებაა, რომელთაც საქართველო წლებია, წარმატებით ახორციელებს.
მაღალი დონის ფორუმი სერვისების ხელმისაწვდომობის მიზნით განხორციელებული საუკეთესო ინოვაციური პროექტების დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა.
გამარჯვებულ პროექტები საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში ლი ჯუნჰუამ დააჯილდოვეს. ღონისძიებაზე 4 სხვადასხვა ნომინაციაში 12 საუკეთესო ინოვაციური პროექტი გამოვლინდა. ფორუმზე 700 ინოვაციური პროექტი იყო წარდგენილი მსოფლიოს 62 ქვეყნიდან.
საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმი იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით საქართველოში პირველად გაიმართა.
3-დღიან ღონისძიებაზე მსოფლიო ლიდერებმა საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად თანამედროვე, ინოვაციური საჯარო სერვისების საკითხებზე იმსჯელეს.











