უკრაინა გააგრძელებს სამიზნეებზე დარტყმებს რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, მათ შორის ყირიმის ხიდზე, რომელიც ნახევარკუნძულს რუსეთთან აკავშირებს. ამის შესახებ ამერიკულ ტელეკომპანია CNN-ს განუცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა.
მან ამ სამიზნეებს უწოდა ოფიციალური სამიზნეები, რომელთა მწყობრიდან გამოყვანა რუსეთს შეუმცირებს უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებებს და უკრაინელების სიცოცხლის გადარჩენას დაეხმარება.
შეკითხვას, არის თუ არა უკრაინის მიზანი ყირიმის ხიდის მთლიანად დანგრევა, რეზნიკოვმა უპასუხა, რომ მტრის ლოგისტიკის ხაზების განადგურება ნორმალური ტაქტიკაა, რათა მას არ ჰქონდეს მეტი საბრძოლო მასალის, საწვავის და სურსათის მიღების შესაძლებლობა, ამიტომ, რუსეთის წინააღმდეგ ამ ტაქტიკას გამოიყენებენ.
ყირიმის ხიდზე 17 ივლისს განხორციელებული შეტევის შედეგად, მნიშვნელოვნად დაზიანდა ხიდის ნაწილი. უკრაინულმა მედიამ უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობები, რომ ხიდზე თავდასხმა იყო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის და სამხედრო-საზღვაო ძალების სპეცოპერაცია, რომლის დროსაც ე.წ. წყალზედა დრონები გამოიყენეს.
2022 წლის 8 ოქტომბერს, ყირიმის ხიდზე მოხდა ძლიერი აფეთქება, რომელმაც გამოიწვია ხიდის საავტომობილო ნაწილის ნგრევა და ძლიერი ხანძარი სარკინიგზო ნაწილზე. უკრაინა აფეთქებასთან კავშირს ოფიციალურად არ აღიარებდა. 2023 წლის 8 ივლისს, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარმა ტელეგრამზე დაწერა, რომ 273 დღე გავიდა ყირიმის ხიდზე პირველი დარტყმიდან, რომლის მიზანი იყო რუსეთის ლოგისტიკის გატეხა.
უკრაინა და რუსეთი ქერჩის სრუტეზე სატრანსპორტო გადასასვლელის ერთობლივ მშენებლობაზე 2013 წელს შეთანხმდნენ. ერთი წლის შემდეგ, რუსეთმა ყირიმის ანექსია განახორციელა და ხიდი თავად ააშენა. 2018 წელს რუსეთმა ხიდის საავტომობილო ნაწილი გახსნა, ხოლო 2019 წელს - სარკინიგზო. 2022 წლის თებერვალში, უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთი ყირიმის ხიდს იყენებს საკუთარი ჯარების მომარაგებისთვის.
ანექსირებულ ყირიმში, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში განხორციელდა დრონებით რამდენიმე შეტევა, მათ შორის რუსეთის სამხედრო პოლიგონსა და საბრძოლო მასალების საწყობზე.