„გამოძიებას აქვს თავისი სპეციფიკა. ამ შემთხვევაში თავს შევიკავებ გარკვეული დეტალებისგან, მაგრამ ცალსახად განვმარტავთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილს არავის წინააღმდეგ მიუცია ჩვენება. - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი ამირან გიგუაშვილმა მედიასთან განაცხადა.
" მიმდინარეობს გამოძიება, რისი დასრულების შემდეგაც გავაკეთებთ დამატებით კომენტარს დეტალებზე. ბრალდებასთან დაკავშირებით დაცვის მხარემ განვმარტეთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი თავს ცნობს დამნაშავედ. ეთანხმება ბრალს იმ ნაწილში, რაც დაკავშირებულია მისი მხრიდან უკანონო შემოსავლების მიღებასთან.
იყო კითხვები, ღარიბაშვილს რატომ შეეფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო. აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისას სასამართლო და ბრალდების მხარე მხედველობაში იღებს ძალიან ბევრ გარემოებას. ადამიანი როცა თანამშრომლობს გამოძიებასთან, არ ემალება მას, ეთანხმება ბრალს და, პატიმრობის ნაცვლად, იხდის მნიშვნელოვანი მოცულობის გირაოს, ამ შემთხვევაში პროცესუალური სტანდარტია ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი“, – განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.
მედიის კითხვაზე, რომელ კომპანიებთან თანამშრომლობდა ირაკლი ღარიბაშვილი და ვის ეხმარებოდნენ უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში, გიგუაშვილმა აღნიშნა, რომ გამოძიება მიმდინარეობს და მისი მხრიდან დამატებით დეტალებზე საუბარი მიზანშეწონილი არ არის.
„კომენტარებს ვაკეთებ საგამოძიებო და პროცესუალურ საკითხებთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში რაიმე ტიპის პოლიტიკური შინაარსის განცხადება არ გამიკეთებია. მე ვიცავ ირაკლი ღარიბაშვილის ინტერესებს და მისი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე ვაკეთებ ყველა კომენტარსა და განცხადებას. ასევე, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალად არ ედება საბიუჯეტო თანხების მითვისება, გაფლანგვა ან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ამირან გიგუაშვილმა.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახედ 1 მილიონი ლარის გადახდა დააკისრა, პასპორტის ჩამოართვა და ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა.
ყოფილ პრემიერმინისტრ ბრალდება წარედგინა საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ბრალდებულმა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ.










