სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს იმერეთის რეგიონში ატარებს. ბაღდათის მუნიციპალიტეტში მობილიზებულია 30 ერთეული სპეცტექნიკა.
ექვს ადმინისტრაციულ ერთეულში - დიმში, პირველ ობჩაში, მეორე ობჩაში, ფერსათში, როხასა და წითელხევში 1800 ჰა ტერიტორია თერმული ნისლის მეთოდოლოგიით დამუშავდა. ღონისძიებები სოფლების გარე და შიდა პერიმეტრებზე, უსაფრთხოების წესების დაცვით, საღამოს საათებში მიმდინარეობს და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, დაგეგმილი წამლობის შესახებ მოსახლეობას წინასწარ აფრთხილებენ.
სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, რომ ტყის მასივებიდან საცხოვრებელი სახლებისა და შენობა-ნაგებობისკენ მიგრირებული მავნებლის საწინააღმდეგოდ, სახელმწიფოს მიერ ჩატარებული ღონისძიებების პარალელურად, საკუთარ საკარმიდამო ტერიტორიებზე მექანიკური საშუალებები გამოიყენოს.









