რუსეთმა ჩინეთის ტერიტორიაზე მოიერიშე უპილოტო საფრენი აპარატების საიდუმლო წარმოება გამართა. საუბარია შორი რადიუსის მძიმე დრონებზე, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ უნდა გამოიყენონ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული კომპანიების საიდუმლო ფინანსურ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს.
რუსეთის მხრიდან პროექტს იჟევსკის ელექტრომექანიკური ქარხანა ახორციელებს, რომელიც შეიარაღების მწარმოებელი სახელმწიფო გიგანტის ალმაზ-ანტეისშვილობილი ორგანიზაციაა.
ერთ-ერთ დოკუმენტში ნათქვამია, რომ იჟევსკის ქარხანამ უკვე შეიმუშავა ახალი მძიმე დრონი და ჩინეთის ტერიტორიაზე სატესტო ფრენებიც განახორციელა. ორგანიზაციის მიერ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთვის გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ კომპანია მზად არის დაიწყოს ამ ტიპის დრონების მასშტაბური წარმოება ჩინეთის ტერიტორიაზე მოქმედ ქარხანაში.
ამავე დოკუმენტების მიხედვით დრონის მოქმედების რადიუსი 2 ათასი კილომეტრის ფარგლებშია და აპარატს 50 კილოგრამამდე ასაფათქებლის ტარება შეუძლია. ანგარიშის მიხედვით, დრონების სატესტო პარტია უკვე იჟევსკშია და სამუშაო პროცესში ჩინელი სპეციალისტებიც მონაწილეობენ.
ამავე დოკუმენტების მიხედვით, ორგანიზაცია მზად არის მომდევნო 8 თვის განმავლობაში დაიწყოს ჩინური REM1 ტიპის მძიმე მოიერიშე დრონის მასიური წარმოება. აპარატს 400 კილოგრამამდე ასაფეთქებლის ტარება შეეძლება და ის ამერიკული Reaper-ის ანალოგად არის ჩაფიქრებული.
ანგარიშში არ არის მითითებული რუსეთთან დაკავშირებული საწარმოს ადგილმდებარეობა ჩინეთში, თუმცა აღნიშნულია რომ საწარმოს ტერიტორია 80 ჰექტარზე გაიშლება და წლიურად 800-მდე აპარატის გამოშვებას შეძლებს.
უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების გამართვა ჩინეთში ხელს შეუწყობს რუსეთს სანქციების დაძლევაში - ამბობს Reuters-სთან საუბარში გაეროს ყოფილი ექსპერტი შეიარაღების საკითხებში დევიდ ოლბრაიტი.
ჩინეთის საგარეო საქმეთა უწყებაში განაცხადეს, რომ არ ფლობენ ინფორმაციას რუსეთთან დაკავშირებული საწარმოს შესახებ და დასძინეს, რომ ქვეყანაში დრონების ექსპორტის შემზღუდავი მკაცრი ზომები მოქმედებს.
გასულ კვირას ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ მიმდინარე წელს დრონების წარმოება 10-ჯერ გაიზრდებოდა. მისივე თქმით, გასულ 2023 წელს რუსეთის არმიამ სახელმწიფოსგან სულ 140 ათასი დრონი მიიღო.