NATO–ს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი არ გამორიცხავს, რომ ალიანსის წევრმა ქვეყნებმა უკრაინაში ჯარები გაგზავნონ.
მისი თქმით, "თუ ვილნიუსის სამიტზე NATO ვერ შეთანხმდება უკრაინის წინსვლის მკაფიო გზაზე, არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ ალიანსის ზოგიერთმა ქვეყანამ ზომები ინდივიდუალურად მიიღოს".
"ჩვენ ვიცით, რომ პოლონეთი აქტიურად არის ჩართული უკრაინისთვის კონკრეტული დახმარების გაწევის საქმეში და მე არ გამოვრიცხავ შესაძლებლობას, რომ პოლონეთმა ამ კონტექსტში კიდევ უფრო ძლიერად იმოქმედოს ეროვნულ საფუძველზე და მას მიჰყვეს ბალტიისპირეთის ქვეყნები, შესაძლოა, უკრაინაში ჯარების განლაგების შესაძლებლობის ჩათვლით. ვფიქრობ, პოლონელები უკრაინაში შესვლისა და მსურველთა კოალიციის შეკრების საკითხს სერიოზულად განიხილავენ, თუ კიევი ვილნიუსში არაფერს მიიღებს. პოლონელები გრძნობენ, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დასავლეთ ევროპა არ უსმენდა მათ გაფრთხილებებს ჭეშმარიტი რუსული მენტალიტეტის შესახებ", – განაცხადა რასმუსენმა და დასძინა, რომ "უკრაინის მოთხოვნა ასეთი სამხედრო დახმარების შესახებ აბსოლუტურად კანონიერი იქნება".
ამასთან, მისი შეფასებით, უკრაინისთვის NATO–ს მიერ გაცემული უსაფრთხოების გარანტიები საკმარისი არ იქნება:
"NATO–ს ზოგიერთმა მოკავშირემ შეიძლება, მხარი დაუჭიროს უსაფრთხოების გარანტიებს, რათა უკრაინის გაწევრიანების შესახებ რეალური დისკუსია თავიდან აიცილოს. ასეთი მოკავშირეები იმედოვნებენ, რომ უსაფრთხოების გარანტიების მიწოდებით შეძლებენ, ამ საკითხის განხილვა თავიდან აიცილონ. თუმცა, არა მგონია, რომ ეს შესაძლებელია. ვფიქრობ, NATO–ს საკითხი ვილნიუსის სამიტზე დადგება. მე ვესაუბრე აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ლიდერს და მათ უკრაინის NATO–ში გაწევრიანების კუთხით, სულ მცირე, მკაფიო გზა სურთ".
მისი თქმით, უკრაინის გაწევრიანების გზა უნდა გამორიცხავდეს ისეთ წინაპირობებს, როგორიცაა NATO–ს წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP).
"ისტორიამ აჩვენა, რომ NATO–ს მოსაცდელ ოთახში უკრაინის განუსაზღვრელი ვადით დატოვება სახიფათოა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვილნიუსის სამიტზე უკრაინას NATO–ში არ მიიწვევენ, შეიძლება, გაკეთდეს მითითება მომავალ წელს ვაშინგტონში გამართულ სამიტზე მიწვევის შესაძლებლობაზე. გაწევრიანების გზა უნდა გამორიცხავდეს ისეთი წინაპირობების დადგენას, როგორიცაა MAP, რაც შვედეთის და ფინეთის შემთხვევაში არ მოუთხოვიათ. ნებისმიერი რამ, რაც ამაზე ნაკლები იქნება, უკრაინის იმედგაცრუებას გამოიწვევს", – განაცხადა რასმუსენმა.