დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინის გაწევრიანების მხარდაჭერა დაადასტურა. ამის შესახებ Європейська правда წერს.
მოლდოვაში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ჟურნალისტებთან საუბრისას სუნაკმა არ დააკონკრეტა რა გზით უნდა გახდეს უკრაინა ალიანსის წევრი.
"მე ვეთანხმები ნატოს გენერალურ მდივანს, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია და რაზედაც ახლა უკრაინასთან ვსაუბრობთ არის იმის უზრუნველყოფა, რომ მათ ჰქონდეთ ყველა საჭირო მხარდაჭერა წარმატებული კონტრშეტევისთვის", - თქვა მან.
სუნაკმა აღნიშნა, რომ "ამაყობს" უკრაინის მხარდაჭერის დიდი ბრიტანეთის გამოცდილებით.
"გვინდა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ჩვენ შევქმენით უსაფრთხოების მექანიზმები უკრაინისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში, ამიტომ ძალიან ძლიერ სიგნალს ვუგზავნით ვლადიმერ პუტინს, რომ არსად არ მივდივართ, ჩვენ აქ ვიქნებით და გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას - არა მხოლოდ ახლა, არამედ მომავალ წლებშიც", - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა.
სუნაკს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა შორი მანძილის Storm Shadow-ს რაკეტების მიწოდებისთვის.