საფრანგეთი და პოლონეთი ცდილობენ, რომ გერმანია წნეხის ქვეშ მოაქციონ, რათა ამ უკანასკნელმა უკრაინას Leopard-ის ტანკები გადასცეს. ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Politico ავრცელებს.
გამოცემასთან საუბარში ფრანგი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ საფრანგეთის მთავრობა ფრანკო-გერმანულ სამიტამდე ცდილობს დაითანხმოს კანცლერი შოლკი უკრაინისთვის Leopard-ის ტიპის ტანკების გადაცემაზე. სამიტი ელისეს შეთანხმების 60 წლის იუბილეს ეძღვნება და 22 იანვარს გაიმართება.
იმავე წნეხის ქვეშ არის გერამანია პოლონელი პარტიორებისგან - გასულ კვირას პრემიერმა მორავიეცკიმ განაცხადა, რომ ქვეყანა ფართო კოალიციის ფორმირებაზე მუშაობს, რომელიც უკრაინას დასავლური წარმოების მძიმე ტანკებს მიაწვდის.
გერმანიაზე წნეხი განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც გასულ კვირას გაირვკა, რომ საფრანგეთი უკრაინას AMX-10-RC-ის ტიპის მსუბუქ ტანკებს გადასცეს, რითაც გახდა პირველი სახელმწიფო, რომელიც უკრაინას დასავლური წარმოების ტანკს მიაწვდის.
სწორედ ამ ფონზე ცნობილი გახდა გერმანიისა და აშშ-ს ერთობლივი გადაწყვეტილების შესახებაც, რომლის ფარგლებშიც აშშ უკრაინას Bradley-ს ტიპის მოერიშე ჯავშანტრანსპორტიორს, ხოლო გერმანია Marder-ის ტიპის დანადგარს გადასცემს. ამავე პაკეტის უკრაინა გერმანიისგან Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის ერთ ბატარეას მიიღებს.
"უკრაინელებს მართლაც სჭირდებათ Leopard-ები, ამ ტიპის ტანკების გადაცემა უფრო გონივრულიც იქნება, რადგანაც მისი საკმარისი მარაგი არსებობს",- ამბობს Politico-სთან საუბარში ფრანგი დიპლომატი.
გუშინ, 9 იანვარს ცნობილი გახდა, რომ უკრაინისთვის საკუთარი წარმოების ტანკების გადაცემას განიხილავს გაერთიანებული სამეფო, თუმცა პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ Challenger 2-ის ტიპის ტანკები მსოფლიოში მხოლოდ 2 არმიის განკარგულებაშია - დიდი ბრიტანეთისა და ომანის.
მაშინ როდესაც Leopard-ის ტანკების მარაგი ევროპის 13 ქვეყნის არმიას აქვს - რაც თავის მხრივ გააადვილებს მათ ტექნიკურ და აღჭურვილობით უზრუნველყოფას. გარდა ამისა, სამხედრო ექსპერტების შეფასებით Leopard-ის ტიპის ტანკებით ოპერირება უკრაინული არმიის გაცილებით უფრო მარტივი და მოსახერხებელი იქნება, ამერიკული და ბრიტანული ტანკებისგან განსხვავებით, რომლებსაც კომპლექსური ტექნიკური უზრუნველყოფა სჭირდებათ.