ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინის დახმარების კონფიდენციალური სტრატეგია მოამზადა, რომელშიც კორუფცია რეალურ საფრთხედ არის დასახელებული. ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Politico ავრცელებს.
სტრატეგიაში აქცენტი სწორედ კორუფციასთან ბრძოლის რეფორმებსა და დეოლიგარქიზაციაზე კეთდება, გარდა ამისა საუბარია სამხედრო წარმოების განვითარების აუცილებლობაზე და ნატოს სტანდარტებზე გადასვლის აუცილებლობაზე.
გამოცემის ხელში აღმოჩენილ საიდუმლო დოკუმენტში ნათქვამია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის ჩინოვნიკებს უფრო მეტად აწუხებთ უკრაინაში კორუფციის საკითხი, ვიდრე ამაზე საჯაროდ საუბრობენ.
"დოკუმენტში დეტალურად არის აღწერილი უკრაინული ინსტიტუტების რეფორმირების გეგმა, მათ შორის ის რომ, შემდგომი დახმარება შესაძლოა დაუკავშირდეს კორუფციის დონის კლებას",- ნათქვამია პუბლიკაციაში.
საყურადღებოა, რომ კონფიდენციალური დოკუმენტი სამჯერ უფრო მოცულობითია, ვიდრე საჯარო ვერსია. ორივე ვერსიაში აღნიშნულია, რომ უკრაინამ არ უნდა გადადოს რეფორმები მიმდინარე ომის მიუხედავად.
გამოცემასთან საუბარში თეთრი სახლის მაღალჩინოსანი ადასტურებს, რომ აშშ და უკრაინა განიხილავენ ფინანსური დახმარების კუთხით პირობითობის მექანიზმის ამუშავებას. ამავდროულად ამგვარი მექანიზმი ამოქმედება არ განიხილება სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით.