საუდის არაბეთში, ჯიდაში, უკრაინის შესახებ საერთაშორისო შეხვედრის დროს, ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტი იყო ის, რომ ყველა ქვეყანას არ ესმის, რატომ უნდა დატოვოს რუსეთმა უკრაინის ტერიტორია ომის დასასრულებლად. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
მისი თქმით, ზოგიერთ ქვეყანას კვლავაც სჯერა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის რაიმე სახის ტერიტორიული დავა არსებობს.
"ყველა ქვეყანას არ ესმის რუსეთ-უკრაინის ომის ბუნება", - თქვა პოდოლიაკმა და დასძინა, რომ "მოლაპარაკებები რუსეთის დამარცხების გარეშე, საერთაშორისო სამართლის დისკრედიტაციას გამოიწვევს".
„ზოგიერთ ქვეყანას ღრმად არ ესმის ეს კონფლიქტი, უფრო მეტიც, ზოგიერთი კვლავ მიიჩნევს, რომ რუსეთს შეუძლია, განახორციელოს ფართომასშტაბიანი სამხედრო კამპანიები. ძნელი ასახსნელია, რომ თუ ჩვენ გვინდა ომის დასრულება... მაშინ რუსეთი უნდა დამარცხდეს. თუ ჩვენ გვინდა ომის გაგრძელება და ამით საერთაშორისო სამართლის მაქსიმალურად დისკრედიტაცია, მაშინ რუსეთის ფედერაციასთან რაღაცაზე უნდა შევთანხმდეთ“, - განაცხადა მიხაილ პოდოლიაკმა.
ჯიდაში ორდღიან შეხვედრას 40-მდე ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის აშშ–ის, კანადის, ევროკავშირის სახელმწიფოების, დიდი ბრიტანეთის, იაპონიის, რომლებიც ცალსახად უჭერენ მხარს კიევს და გმობენ რუსეთის აგრესიას. ამავდროულად, მოლაპარაკებებზე მივიდნენ ე.წ. ნეიტრალური ქვეყნების დიპლომატები, მათ შორის ჩინეთის, ბრაზილიის, ინდოეთისა და სამხრეთ აფრიკის. რუსეთი შეხვედრაზე არ იყო მიწვეული. უკრაინის დელეგაციამ აუდიტორიას დეტალურად წარუდგინა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ადრე შეთავაზებული „მშვიდობის ფორმულა“. მისი გეგმა მოიცავს რუსი სამხედროების გასვლას უკრაინის ტერიტორიებიდან.
ჯიდაში გამართული შეხვედრის შედეგებთან დაკავშირებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი მონაწილეები ვერ შეთანხმდნენ რაიმე ერთობლივ დოკუმენტზე, მაგრამ ეს არ იყო დაგეგმილი. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა დაადასტურა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ საერთაშორისო შეხვედრის მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს სახელმწიფოების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მათ შორის უკრაინის.
ჯიდაში გამართულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ „რუსეთის მონაწილეობის და მისი ინტერესების გათვალისწინების გარეშე უკრაინის კრიზისზე არც ერთ შეხვედრას ოდნავი დამატებითი ღირებულება არ გააჩნია“. მოსკოვი ხაზს უსვამს, რომ ზელენსკის „მშვიდობის ფორმულის“ არც ერთი პუნქტი არ არის მიმართული „კრიზისის გადაწყვეტისკენ და ეს უაზრო ულტიმატუმია რუსეთის წინაშე“.