უკრაინაში ამჟამინდელი დისპოზიციის პირობებში, ცეცხლის შეწყვეტისა და ომის გაყინვის ნებისმიერი სცენარი იქნება მხოლოდ რუსეთის ფაქტობრივი გამარჯვება და პუტინის პირადი ტრიუმფი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„საერთაშორისო სამართალი საბოლოოდ დაკარგავს ყველანაირ ძალას, ამავე დროს, ამოქმედდება „ჯუნგლის კანონი“ – ომი გახდება პოლიტიკური მიზნების მიღწევის ინსტრუმენტი, მსოფლიოში კონფლიქტებისა და ქაოსის რაოდენობა კი მკვეთრად გაიზრდება. ყველასთვის გასაგები გახდება: შესაძლებელია სხვა ქვეყანაში შეჭრა, მისი ნაწილის ოკუპირება, იქ ხოცვა-ჟლეტის მოწყობა და ამ ტერიტორიაზე ძალის სამართლის დამყარება მსოფლიოს მდუმარე თანხმობით“, – წერს პოდოლიაკი.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ასეთი სცენარი იქნება დასავლური მსოფლიოს დიდი დამარცხება და უსაფრთხოების არსებული გლობალური წესრიგის დასასრული. მისი თქმით, ომის გაყინვა არ გახდება მისი დასასრული, რადგან რუსეთი მორიგი რაუნდისთვის დაიწყებს მზადებას.
„ომის გაყინვა არ გახდება მისი დასასრული და არ შეამცირებს უკრაინელი ხალხის ტანჯვას. მოსკოვი ნახევარ უკრაინას თუ დაიტოვებს და შესვენებაზე გავა, ის შემდეგი რაუნდისთვის მზადებას დაიწყებს. როგორც კი წამყვან დასავლურ ქვეყნებში შეიცვლებიან პოლიტიკური ლიდერები, ომი დაბრუნდება – უფრო მასშტაბური, სისხლიანი და მომზადებული. ასეთ შემთხვევაში, გამოფიტული უკრაინა ამ რაუნდს უფრო ცუდ მდგომარეობაში შეხვდება და ნაკლები აშკარა პერსპექტივებით, ვიდრე შეიძლებოდა, თუ მხოლოდ ნატო-ს ლიდერები არ შეიცვლიან თავიანთ პოზიციას და არ გამოავლენენ პოლიტიკურ ნებას საგანგებო წევრობასთან დაკავშირებით. როგორია დასკვნა? არანაირი მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარე დისპოზიციაში არ შეიძლება. სტატუს კვო ბრძოლის ველზე უნდა შეიცვალოს. ეს ნიშნავს მეტ იარაღს, რაკეტას და თვითმფრინავს“, – წერს პოდოლიაკი.