საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, კახეთის რეგიონში კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში გივი მიქანაძემ, მოადგილეებთან და კოლეჯების დირექტორებთან ერთად, პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე პროცესები და დაგეგმილი პროექტები განიხილა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორებიცაა: პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2025 წლის საშემოდგომო მიღების შედეგები; კოლეჯების 2026 წლის პროგრამული ბიუჯეტი - ფინანსური საჭიროებები, პრიორიტეტული მიმართულებები და სხვა; კოლეჯების გაფართოება – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელის განვითარება - ახალი პროფესიული პროგრამების დამატება, სტუდენტთა ადგილების დამატება; ინფრასტრუქტურული საჭიროებები, სახელოსნოების, ლაბორატორიების მოწყობა და ა.შ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო თემებზე მინისტრისგან მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია.

მინისტრის გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომა პერმანენტულად გაიმართება და თითოეულ შეხვედრაზე, წევრები ეტაპობრივად განიხილავენ ყველა იმ ინიციატივას, რომელიც პროფესიული განათლების სისტემის გაძლიერებას, სტუდენტების შესაძლებლობების გაფართოებას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ემსახურება.

სხდომის დასრულების შემდეგ გივი მიქანაძემ და მოადგილეებმა, სტუდენტებთან ერთად, კოლეჯის ტერიტორიაზე გამართულ რთველში მიიღეს მონაწილეობა.