"უკრაინის პორტ იზმაილისკენ მიმავალ საერთაშორისო სამოქალაქო მშრალი ტვირთის გადამზიდ გემ Sukru Okan-ზე რუსეთის მიერ განხორციელებული მიზანმიმართული თავდასხმა და იძულებითი ინსპექტირება საერთაშორისო საზღვაო სამართლის აშკარა დარღვევა, მეკობრეობის აქტი და მესამე ქვეყნის მიერ სხვა სახელმწიფოების ტერიტორიულ წყლებში სამოქალაქო გემების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ეს პრეცედენტი მოითხოვს მკაფიო სამართლებრივ დაფიქსირებას, ყველა პირის იდენტიფიკაციას და დანაშაულის ფაქტის აღიარებას საერთაშორისო საზოგადოების მიერ.
"უკრაინა გამოიტანს ყველა საჭირო დასკვნას და შეარჩევს საუკეთესო პასუხს",- აცხადებს პოდოლიაკი.
გუშინ შავ ზღვაში რუსულმა გემმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა და გაჩერება მოსთხოვა ხომალდს, რომელიც უკრაინის პორტ იზმაილისკენ მიემართებოდა.
გემი დაათვალიერეს და მან გზა განაგრძო. ტრეკინგის სამსახურის Marine Traffic თანახმად, მან დანიშნულების პორტი შეიცვალა და ახლა რუმინეთისკენ მიემართება. მშრალტვირთიანი გემი საბერძნეთის პორტ ქალკიდიკიდან არის გამოსული.
მანამდე მოსკოვი აცხადებდა, რომ "მარცვლეულის დერეფნის" მუშაობის შეწყვეტის შემდეგ სამხედრო სამიზნედ განიხილავენ უკრაინის პორტებში მიმავალ სავაჭრო გემებს. რა მიზეზით გაათავისუფლეს სატვირთო გემი და რა გადაჰქონდა მას, რუსულ თავდაცვის უწყებაში არ აზუსტებენ.
აშშ-ის ხელისუფლებამ მკაცრად გააკრიტიკა მარცვლეულის გარიგებაზე რუსეთის უარი და უკრაინის პორტების ბლოკადას სამხედრო აგრესია უწოდა.