საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ფანტასტიკური კრიმინალური ლოგიკა რუსეთის აგრესიულ ომებს ამართლებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.
"საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ფანტასტიკური კრიმინალური ლოგიკა, რომელშიც ის ამართლებს რუსეთის აგრესიულ ომებს, კიდევ ერთხელ ამხელს დღევანდელი ომის ერთ-ერთ ფუნდამენტურ მიზეზს. სწორედ დასავლელი ლიდერების მიერ პუტინის კრიმინალური გეგმების წახალისებამ, 2008 წელს და განსაკუთრებით 2014 წელს, ხელი შეუწყო ევროპაში ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყებასა და უკრაინელების მასობრივ მკვლელობას. სარკოზის მხრიდან წახალისება არის პირდაპირი თანამონაწილეობა მრავალწლიან დანაშაულში. კრიმინალები არ უნდა წაახალისონ ფრაზით „მიწა მშვიდობისთვის“. არ არსებობს „რუსეთის ახალი ტერიტორიები“,- წერს პოდოლიაკი.
მისივე თქმით, არ შეიძლება სხვისი ტერიტორიებით ვაჭრობა მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცის გეშინია ან იმიტომ, რომ კრიმინალებთან მეგობრობ.
„არ შეიძლება სხვისი ტერიტორიებით ვაჭრობა მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცის გეშინია ან იმიტომ, რომ კრიმინალებთან მეგობრობ. ყირიმისა და დონბასის ტერიტორიები უკრაინის უპირობო ტერიტორიებია და ამიტომ ომის რეალურად შეჩერების ერთადერთი გზა ამ ტერიტორიებზე საერთაშორისო სამართლის დაბრუნებაა. ეს მხოლოდ ერთს ნიშნავს – რუსეთმა უნდა წააგოს. უნდა იყოს ნაკლები პროვოკაცია, ნაკლები საკამათო განცხადებები და ნაკლები წახალისება დანაშაულის ჩადენისთვის. 2023 წელს დაუშვებელია „სარკოზის გამოცდილების“ გამეორება, რომელიც მიზანმიმართულად მონაწილეობდა დანაშაულებრივ შეთქმულებაში რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების დაკავებისა და შემდგომში ფართომასშტაბიანი გენოციდისა და ომის ორგანიზებისთვის”,- წერს პოდოლიაკი.
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის შესაჩერებლად ერთადერთი გზა დიპლომატიაზე გადის. მისივე თქმით, „რუსეთი ევროპის მეზობელია და, გაუგებრობების მიუხედავად, ევროპასა და რუსეთს ერთმანეთი სჭირდებათ“.