ცოტა ხნის წინ კრემლის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ გუშინ, 2 მაისს 2 დრონით თავს დაესხნენ კრემლის შენობას. ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, კრემლზე თავდასხმის დროს ვლადიმირ პუტინი შენობაში არ იმყოფებოდა და ამ დროისთვის ის ნოვა-აგარიოვოს რეზიდენციაში მუშაობს.
კრემლის პერიმეტრიდან ამომავალი კვამლის კადრები სოციალურ ქსელებში ვრცელდება.
"სპეციალური სამსახურებისა და სამხედროების დროული მოქმედების შედეგად და რადიოლოკაციური სისტემების გამოყენებით, საფრენი აპარატები მწყობრიდან იქნა გამოყვანილი. საფრენი აპარატების დაცემისა და ნამსხვრევების გაბნევის შედეგად არავინ დაზარალებულა, არ დაფიქსირდა მატერიალური ზიანიც. ცვლილებები არ შესულა პუტინის გრაფიკში, მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება,"- ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
იმავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ მომხდარს რუსეთი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე "ტერორისტულ თავდასხმად" აფასებს და საპასუხო ზომების უფლებას იტოვებს.