აშშ-ის ადმინისტრაცია ამზადებს ფართომასშტაბიან შეთანხმებას მინსკთან, რომლის ფარგლებშიც თანხმდება, შეუმსუბუქოს სანქციები ბელარუსს, დიდი რაოდენობით პოლიტპატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ. The New York Times წერს, რომ სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში, კრისტოფერ სმიტმა ამ საკითხზე ლიეტუველ დიპლომატებთან ისაუბრა.
გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, რომლებიც ესწრებოდნენ ამ შეხვედრას ლიეტუვაში ამერიკის საელჩოში, 13 თებერვალს, ვაშინგტონი გეგმავს ბელორუსის ბანკების წინააღმდეგ და კალიუმის ექსპორტზე სანქციების შემსუბუქებას, რომელიც სასუქების მთავარი ინგრედიენტია - მისი მთავარი მწარმოებელი ბელარუსი.
ამ გეგმის განხორციელებისკენ პირველი ნაბიჯი იყო 12 თებერვალს, ბელორუს დიქტატორ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან და კგბ-ს ხელმძღვანელ ივან ტერტელთან სმიტის შეხვედრისთანავე აშშ-ის მოქალაქისა და ორი ბელორუსი პოლიტპატიმრის გათავისუფლება. NYT აღნიშნავს, ლუკაშენკოსა და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანს შორის ხუთი წლის განმავლობაში პირველი შეხვედრა შეიძლება მიუთითებდეს ვაშინგტონსა და რუსეთის უახლოეს მოკავშირეს შორის ურთიერთობების დათბობაზე.
კრისტოფერ სმიტის თქმით, ლუკაშენკომ დადებითად უპასუხა კითხვაზე, მზად იყო თუ არა შეემცირებინა რეპრესიები. ამავდროულად, სმიტმა აღნიშნა, რომ ამერიკის მიზანია ლუკაშენკოს "რუსეთის ორბიტის მიღმა დატოვება."
პოლონეთის საგარეო დაზვერვის ყოფილმა უფროსმა პეტრ კრავჩიკმა, რომელიც დონალდ ტრამპის პირველ ადმინისტრაციასთან მუშაობდა, თქვა, რომ ეს რუსეთისადმი უფრო ფართო ამერიკული მიდგომის ნაწილია, რათა ბელორუსზე რუსეთის გავლენა შესუსტდეს.
მისი თქმით, მინსკთან მოლაპარაკებები ვაშინგტონს "დამატებით ბერკეტს" აძლევს რუსეთზე გავლენის მოხდენის მიზნით, რათა მათ გაიგონ, რომ "უფრო ყურადღებიანი უნდა იყვნენ შეერთებული შტატების არგუმენტების მიმართ."
უფლებადამცველი ორგანიზაცია Вясна-ს მონაცემებით, ამჟამად ბელარუსში 1226 პოლიტპატიმარია.
ბოლო თვეებში ლუკაშენკომ 200-ზე მეტი მსჯავრდადებული შეიწყალა. თუმცა, ამავე დროს, კიდევ უფრო მეტი ადამიანი დააპატიმრა.