ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ამ თვეში რუსეთში ჩამოსვლას გეგმავს, რათა ვლადიმერ პუტინს შეხვდეს და რუსეთისთვის მეტი იარაღის მიწოდების შესაძლებლობა განიხილოს. ამ ინფორმაციას The New York Times წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების თქმით, კიმი ფხენიანიდან, სავარაუდოდ, ჯავშანმატარებლით ვლადივოსტოკში გაემგზავრება, სადაც პუტინს შეხვდება. ასევე შესაძლოა კიმი მოსკოვში წავიდეს.
წყაროები ამბობენ, რომ პუტინს სურს, კიმი რუსეთისთვის საარტილერიო ჭურვებისა და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გადაცემაზე დაითანხმოს, ხოლო ჩრდილოეთ კორეის ლიდერს სურს, რომ რუსეთმა მას თანამგზავრებისა და ატომური წყალქვეშა ნავების მოწინავე ტექნოლოგია მიაწოდოს. კიმს ასევე სასურსათო დახმარება სურს სიღარიბეში მყოფი ჩრდილოეთ კორეისთვის.
"ორივე ლიდერი ვლადივოსტოკში შორეული აღმოსავლეთის ფედერალური უნივერსიტეტის კამპუსს ეწვევა, სადაც აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც 10-იდან 13 სექტემბრამდე გაიმართება. კიმი ასევე რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის მონახულებას გეგმავს. ჩრდილოეთ კორეა 9 სექტემბერს დაარსების იუბილეს აღნიშნავს." - წერს გამოცემა.
ოთხშაბათს თეთრმა სახლმა აღნიშნა, რომ პუტინმა და კიმმა წერილები ერთმანეთს გაუგზავნეს, სადაც იარაღის შესაძლო მიწოდებას განიხილავდნენ.
თეთრი სახლის სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ მაღალი დონის მოლაპარაკებები "აქტიურად მიიწევს წინ."