კონტრიერიშის საწყისი ეტაპის შემდეგ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთში იერიშის ძირითადი ფაზა დაიწყო.
ინფორმაციას ამის შესახებ პენტაგონში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით New York Times ავრცელებს. წყაროს ცნობით, უკრაინელებმა ბრძოლაში ჩართეს დასავლეთის მიერ აღჭურვილი და გაწვრთნილი სამხედრო შენაერთები, რომლებიც ამ დრომდე რეზერვში რჩებოდნენ.
წყაროების ცნობით, მთავარი იერიშის მიმართულება უცვლელია და კვლავ ზაპოროჟიეს მიმართულებით ვითარდება. გამოცემას არ მოჰყავს სხვა დეტალები, თუმცა ყურადღებას ამახვილებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებებზე უკრაინის იერიშის გააქტიურებასთან დაკავშირებით.
იმავე New York Times-სთან ინტერვიუში უკრაინელი სამხედროები ამბობენ, რომ ისინი აგრძელებენ ეტაპობრივ წინსვლას ზაპოროჟიეს ფრონტზე, თუმცა ფრონტი ჯერჯერობით არ გაურღვევიათ.
უკრაინის წარმომადგენლებმა აცნობეს ამერიკულ მხარეს, რომ გაძლიერებული კონტინგენტი ცდილობს სამხრეთში რუსეთის დანაღმული ველების დაძლევას ქალაქ ტოკმაკის მიმართულებით. უკრაინელი სამხედროების ცნობით, თუ კი ისინი შეძლებენ ტოკმაკის გათავისუფლებას შემდეგი სამიზნე უკვე მელიტოპოლი იქნება.
ზოგი წყაროს ცნობით, უკრაინის გაძლიერებული კონტრიერიში ზაპოროჟიეში მოქმედი რუსეთის 58-ე არმიის მეთაურის, ივან პოპოვის თანამდებობიდან გადაყენებას და ამის შედეგად ოკუპანტების დანაყოფებში წარმოქმნილ სირთულეებს უკავშირდება.
გარდა ამისა, ЗСУ-ს მეთაურები იმედოვნებენ, რომ თავს იჩენს გასულ კვირებში ოკუპანტების საბრძოლო მასალების საწყობზე განხორციელებული ზუსტი სარაკეტო დარტყმების ეფექტი.
უკრაინის კონტრიერიშის ახალი ფაზის დაწყებას გამოეხმაურნენ თეთრ სახლშიც - "ეს დიდი ტესტია",- განაცხადა ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნმა.