ბრძოლის ველზე, უკრაინის კონტრშეტევის პირველი ორი კვირის განმავლობაში, დაზიანდა ან განადგურდა ფრონტზე მიწოდებული სამხედრო ტექნიკის 20%, მათ შორის დასავლური ტანკებისა და ჯავშანტრანსპორტიორის ჩათვლით. ამის შესახებ The New York Times (NYT) ამერიკელ და ევროპელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იტყობინება.
მათი თქმით, მომდევნო კვირებში, შესაბამისი მაჩვენებელი დაახლოებით 10 პროცენტამდე დაეცა. გარკვეული გაუმჯობესება მოხდა იმის გამო, რომ უკრაინამ შეცვალა ტაქტიკა და ყურადღება გაამახვილა რუსეთის შეიარაღებული ძალების არტილერიასა და შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებზე, ვიდრე მტრის მიერ დანაღმულ ველებზე წინსვლაზე, აღნიშნავს გამოცემა.
თუმცა, მიდგომის ცვლილებამ გავლენა მოახდინა პროგრესის ტემპზე, აღნიშნავს გამოცემა. სამხრეთის მიმართულებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, მხოლოდ რვა კილომეტრი დაფარეს, რაც ზღვაზე გასასვლელად იყო საჭირო, რათა რუსული ძალები ორ ნაწილად გაეყოთ, წერს NYT. ჟურნალისტების მიერ გამოკითხული სამხედრო ექსპერტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ პირველი 25 კილომეტრი ყველაზე რთული იქნება.
გაზეთის ცნობით, რუსეთის ფედერაციას, უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევისთვის მოსამზადებლად მრავალი თვე ჰქონდა. F-16 მრავალფუნქციური მსუბუქი გამანადგურებლების განლაგების შეუძლებლობა, უკრაინულ ჯარს, რუსული ვერტმფრენებისა და არტილერიის მიმართ დაუცველს ხდის, ნათქვამია გამოცემაში.
აშშ-ს ოფიციალური პირების თქმით, შეერთებული შტატებიდან კასეტური საბრძოლო მასალის მარაგების მიღების შემდეგ, კონტრშეტევის ტემპი, შესაძლოა, გაიზარდოს.
NATO-ს გენერალური მდივნის ყოფილმა თანაშემწემ თავდაცვის ინვესტიციებში, საგარეო ურთიერთობების ევროპული საბჭოს თავდაცვის ექსპერტმა კამილ გრანმა აღნიშნა, რომ საჰაერო უპირატესობისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების არარსებობის გამო, "მსხვერპლთა რაოდენობა, სავარაუდოდ, უფრო მეტი იქნება, ვიდრე სხვა კონვენციურ კონფლიქტებში."
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ადრე განმარტა, რომ კონტრშეტევის ტემპი, შეიძლება, რამდენიმე ფაქტორმა შეაფერხოს: ტერიტორიის მოპოვება, ნაწილობრივ არახელსაყრელი ამინდი, ასევე დასავლელი პარტნიორებისგან სამხედრო დახმარების არასაკმარისი მოცულობა და მიწოდების სიჩქარე.