ნორვეგიამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ განაცხადა. ქვეყანა უერთდება ეკონომიკური შეზღუდვების მეთერთმეტე პაკეტს, რომელიც მანამდე ევროკავშირმა წარმოადგინა. ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.
„სანქციების მეთერთმეტე პაკეტი მიზნად ისახავს არსებული ზომების გაძლიერებას და მათი გვერდის ავლის შეზღუდვას. მნიშვნელოვანია, სასწრაფოდ შეწყდეს ფინანსური ნაკადები, რომელსაც რუსეთი იყენებს სასტიკი სამხედრო აგრესიის დასაფინანსებლად“, - განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიკენ ჰუიტფელდტმა.
ნორვეგიის პაკეტის ფარგლებში, აკრძალულია რუსეთის ტერიტორიით ტრანზიტი „საქონლის და ტექნოლოგიების, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთის სამხედრო და ტექნოლოგიური პოტენციალის გაზრდას, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის განვითარებას“.
შეზღუდვები ასევე შეეხება საავიაციო და კოსმოსურ პროდუქტებს, ფუფუნების საშუალებებს, რკინისა და ფოლადის გარკვეულ სახეობებს, ასევე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელის ტრანსპორტის დაშვებას რუსული რეგისტრაციით.
ოსლო ასევე აცხადებს, რომ მზადაა დააწესოს შეზღუდვები „გარკვეული საქონლისა და ტექნოლოგიების“ ექსპორტზე იმ ქვეყნებში, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნან ანტირუსული სანქციების გვერდის ასავლელად.
ნორვეგია მხარს უჭერს ამ ღონისძიებას პოლიტიკური თვალსაზრისით, მაგრამ ჯერ არ განახორციელებს მას პრაქტიკული მიზეზების გამო. თუ სიაში გამოჩნდება ქვეყნები, პროდუქტები და ტექნოლოგიები, ნორვეგია დაუყოვნებლივ განიხილავს შესაბამის ზომების შემოღებას მის კანონმდებლობაში.
ნორვეგია არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ ქვეყანა მხარს უჭერს ბრიუსელის მიერ მიღებულ სანქციების უმეტეს ნაწილს.