აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი მორიგ ჯერზე ეხმიანება საქართველოს მმართველი გუნდის მიერ "აგენტების კანონის" ინიციირებას და ღრმა იმედგაცრუებას გამოხატავს პარლამენტის გადაწყვეტილებით, "წინ წასწიოს კრემლის მიერ შთაგონებული “უცხოური გამჭვირვალობის შესახებ” კანონმდებლობა.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი ამბობს, აშშ უერთდება ევროპელ მოკავშირეებს მოწოდებაში, რომ საქართველომ არ მიიღოს კანონი და აღნიშნავს, რომ თუ მიზანი გამჭვირვალობის გაზრდაა, კრემლის მიერ შთაგონებული კანონმდებლობა შეუსაბამოა.
ის მხარეებს მშვიდობიანი შეკრების უფლების დაცვისკენ მოუწოდებს.
“ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით წინ წასწიოს კრემლის მიერ შთაგონებული “უცხოური გავლენის” კანონმდებლობა. როგორც ევროკავშირმა განაცხადა, ამ კანონის მიღებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე. ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს ვუერთდებით საქართველოსადმი მოწოდებაში, რომ არ მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილებს - სურვილს, რომ სრულიად ინტეგრირებული გახდნენ ევროკავშირში.
საქართველოს ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოება ჰყავს, რომელიც მის მოქალაქეებს ემსახურება და საქართველოს ეკონომიკის გაუმჯობესებაზე მუშაობს. თუ იქნება მიღებული, შემოთავაზებულ კანონმდებლობას შეუძლია გამოხატვის თავისუფლება შეზღუდოს, ორგანიზაციების სტიგმატიზაცია მოახდინოს, რომლებსაც ეს სარგებელი საქართველოს მოქალაქეებთან მიაქვთ, ხელი შეუშალოს დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ, რათა ქართველებს მაღალი ხარისხის ინფორმაციისადმი ჰქონდეთ წვდომა. მსგავსი კრემლის მიერ შთაგონებული კანონმდებლობა შეუსაბამოა, თუ მიზანი გამჭვირვალობის გაზრდაა. ყველა მხარეს მოვუწოდებთ მშვიდობიანი შეკრების უფლება დაიცვან,” - წერს მილერი.
საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო, რასაც თბილისში, პარლამენტის და მთავრობის ადმინისტრაციის შენობებთან, მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა.